სეპარატისტები ლუჰანსკის სოფლებს ბომბავენ, მოსახლეობა თავშესაფრებში გადავიდა

21 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუჰანსკის რაიონის სოფლები ვრუბოვკა და შჩასტია დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე რეგიონის სამხარეო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"ლუჰანსკის თბოელექტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა. ვრუბოვკა და შჩასტია ცეცხლის ქვეშაა. ვრუბოვკა ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა. ხალხი თავშესაფრებში გადავიდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი," - წერს ის.

გაიდაის თქმით, შასტიაში არ არის წყალი, გათბობა და სინათლე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ ბოევიკების მიერ დაბომბვის შედეგად სოფელ შჩასტიაში ხანძარია, ბენზინგასამართი სადგური კი აფეთქდა.

21 თებერვლის 12:00 საათისთვის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 21 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 20 მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

მსგავსი სიახლეები