შოლცი და ტუსკი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 2018 წლის შემდეგ პირველი მთავრობათაშორისი მოლაპარაკებები გამართეს ვარშავაში. პოლიტიკოსებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"ჩვენ უნდა გავაფართოვოთ სატრანსპორტო მარშრუტები პოლონეთსა და გერმანიას შორის, რაც ასევე მნიშვნელოვანია სამხედროებისთვის," - თქვა ოლაფ შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოებას "განუყოფლად" მიიჩნევს.
"ჩვენ გვინდა, რომ პოლონეთის ხმა ხმამაღლა ისმოდეს ევროპაში, რადგან ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული," - დაწერა კანცლერმა სოციალურ ქსელ X-ზე და მადლობა გადაუხადა ტუსკს "კონსტრუქციული კონსულტაციებისთვის."
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა, რომ გერმანია გახდება "ლიდერი ევროპის უსაფრთხოების საკითხებში." გარდა ამისა, მან გაიხსენა, რომ მისი ქვეყანა "თავდაცვაზე დიდ თანხებს ხარჯავს," ამიტომ მას სურს, რომ ვარშავის ძალისხმევა ამ სფეროში "კარგად იყოს კოორდინირებული სხვა ქვეყნების ძალისხმევასთან."
სააგენტო dpa-ს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტში ნახსენებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვარშავისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი. ნათქვამია, რომ მხარეები "აწარმოებენ ინტენსიურ დიალოგს 1939 წლიდან 1945 წლამდე გერმანიის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად გადარჩენილი მსხვერპლთა მხარდასაჭერი ზომების შესახებ."
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ბერლინში გერმანულ-პოლონური სახლის აშენებაზე, რომელიც დაპროექტებული იქნება "გერმანულ-პოლონური რთული ისტორიისა და სასტიკი გერმანული ოკუპაციის ხსოვნის გასაგრძელებლად."