შოლცი: გერმანია გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას
ოლაფ შოლცმა 10 ოქტომბერს, ბუნდესტაგში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას.
ასე გამოეხმაურა შოლცი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარის, ფრიდრიხ მერცის ბრალდებას, რომ გერმანიის მთავრობამ, სავარაუდოდ, უარი თქვა ისრაელში საბრძოლო მასალის ექსპორტზე და ამ ქვეყნისთვის ტანკების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე.
ფრიდრიხ მერცი მთავარი ოპოზიციური პარტიიდან გერმანიის კანცლერობის კანდიდატია და CDU/CSU ამჟამად ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა გერმანიაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა 33% ახლა მზად არის მხარი დაუჭიროს მას.
მმართველ კოალიციას, რომელშიც სამი პარტია შედის - სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები, ჯამში მოსახლეობის მხოლოდ 30%-ის მხარდაჭერა აქვს.
გერმანიის ბუნდესტაგის შემდეგი არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.
10 ოქტომბერს ბუნდესტაგის პლენარულ სხდომაზე გერმანელმა პარლამენტარებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას.
ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბარბელ ბასმა თავდასხმას გარდამტეხი მომენტი უწოდა ისრაელის მოსახლეობისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ებრაელებისთვის მთელ მსოფლიოში.
"7 ოქტომბერს თქვენთვის დრო გაჩერდა," - თქვა ბერბელ ბასმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.