შვეიცარიის კანტონების საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინაში იარაღის რეექსპორტის დაშვებას
შვეიცარიის კანტონების საბჭომ მხარი დაუჭირა სამხედრო მასალების შესახებ კანონში ცვლილებას, რაც მესამე ქვეყნებში იარაღის რეექსპორტს გაამარტივებს.
"კანტონების საბჭოს სურს დაუშვას სხვა ქვეყნებისთვის შვეიცარიაში შეძენილი სამხედრო ტექნიკა გარკვეული პირობებით გადაცემა. საბჭომ მიიღო უსაფრთხოების პოლიტიკის კომისიის შესაბამისი საპარლამენტო ინიციატივა. საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ეფუძნება სხვა ინიციატივას, უკვე დამუშავების პროცესშია," - ნათქვამია განცხადებაში.
ცვლილებას მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 17 იყო, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა.
დოკუმენტში შემოთავაზებულია, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ იარაღს, კვლავ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელიც კრძალავს რეექსპორტს მესამე ქვეყნებში, მაგრამ მისი ვადა შეიძლება შემოიფარგლოს ხუთი წლით. რეექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არ არღვევენ ადამიანის უფლებებს და არ იყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
1 ივნისს, შვეიცარიის ეროვნულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც მესამე ქვეყნებს შვეიცარიული წარმოების იარაღის რეექსპორტის საშუალებას მისცემს. კანტონების საბჭოში კენჭისყრის შემდეგ, ეროვნული საბჭო კვლავ განიხილავს კანონპროექტს.
შვეიცარიის პარლამენტს აქვს ორი თანაბარი პალატა - კანტონების საბჭო და ეროვნული საბჭო. კანონი ძალაში მხოლოდ ორივე პალატის მხარდაჭერით შედის.