სი ძინფინგი პუტინს: დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს არჩევნებში გაიმარჯვებთ

ორშაბათს, მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გამოთქვა რწმენა, რომ  რუსები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს ვლადიმერ პუტინს მომავალ წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩინეთის ლიდერს პუტინის ოპონენტებზე არ უსაუბრია.

"მე ვიცი, რომ მომავალ წელს თქვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება," - უთხრა მან პუტინს კრემლში მოლაპარაკებების დაწყებისას, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS. "თქვენი ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით, ბოლო წლებში რუსეთს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს კეთილდღეობის მიღწევაში... დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მტკიცედ დაუჭერს მხარს ბატონ პრეზიდენტს."

მოსალოდნელია, რომ 70 წლის პუტინი მომავალ წელს კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე, ხოლო 69 წლის სიმ ორი კვირის წინ მოიპოვა კიდევ ერთი საპრეზიდენტო მანდატი, ათწლეულების წინ დადგენილი კომუნისტური პარტიის ნორმების დარღვევით.

სი ძინფინგი გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც გასულ კვირას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გამოსცა.

კონტექსტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია.

პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი. სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები