რას ნიშნავს ICC-ის გადაწყვეტილება და არის თუ არა პუტინის დაპატიმრების შანსი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. 

"ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მოვლენაა, ყოველდღე არ ხდება, რომ სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს საერთაშორისო სასამართლო ბრალდებულად ცნობს. მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში ვლდიმირ პუტინის დაპატიმრების შანსი უკიდურესად მცირეა",- ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი იონ ჰელერი. 

ჰელერი გამოთქვამს ვარაუდს, რომ უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინი არ გაემგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებიც მზად არიან ის დააპატიმრონ და სასამართლოდ გადასცენ. 

"იურიდიული თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი თითოეული ქვეყანა ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილება და პუტინის ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრონ და სასამართლოს გადასცენ ის",- წერს ჰელერი. 

მიუხედავად ამისა ქვეყნები ხშირად არ იქცევიან ასე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს სუდანის პრეზიდენტის მაგალითი მოჰყავს - "უკვე მას შემდეგ, რაც სუდანის პრეზიდენტს წაყენებული ჰქონდა სერიოზული ბრალდებები, ის ეწვია სასამართლოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, მაგრამ ის არ დაუპატიმრებიათ. ასე, რომ დაპატიმრების ორდერი აუცილებლად არ ნიშნავს, რომ პუტინს დააპატიმრებენ, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით ქვეყნებს აქვთ აღნიშნული ვალდებულება". 

კონტექსტი 

იურიდიული თვალსაზრისით რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი შესაბამისად, საერთაშორისო სასამართლოს იურიდიქცია მათ არ ავალდებულებს პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრებას. 

პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი. 

სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს. 

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ვლადიმირ პუტინს სავარაუდოდ ეკისრება პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულზე, ბავშვთა არაკანონიერი დეპორტაციის სახით",- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილების პრეს-რელიზში. 

მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ სარწმუნო მტკიცებულებები, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის დანაშაულში. 

მთავარ გაურკვევლობას წარმოადგენს რას იზამენ რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები ვლადიმირ პუტინის ვიზიტის შემთხვევაში. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს სულ 123 წევრი სახელმწიფო ჰყავს. მათ შორის, 33 აფრიკული, 19 ქვეყანა აზიის წყნაური ოკეანის აუზიდან, 28 ლათინური ამერიკის რეგიონიდან და 38 ქვეყანა ევროპის კონტინენტიდან. 

ეს ჰააგის სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ვრცელდებოდა სხვადასხვა ცნობები იმასთან დაკავშირებით დაასახელებდა თუ არა სასამართლო ბრალდებულებს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ მოელოდა, რომ პროკურორი ზედა რგოლზე მიუთითებდა. 

სასამართლოდ გადაწყვეტილების კომენტირებისას Human Rights Watch წერს - "სასამართლოს გადაწყვეტილება აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემა ან გულგრილობა შესაძლოა ჰააგაში საპატიმრო ვადით დასრულდეს". 

რა თქმა რუსეთი არ გადასცემს ვლადიმირ პუტინს სასამართლოს და მისი დაპატიმრების შანსი უახლოეს მომავალში არ არის მაღალი, თუმცა ეს გადაწყვეტილება კრემლს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს, გაართულებს ვლადიმირ პუტინის ვიზიტებს სასამართლოს წევრ სახელმწიფოებში ვიზიტს. 

მსგავსი სიახლეები