სინეგუბოვი: ხარკოვის რეგიონის ტერიტორიის 20-25% ოკუპირებულია
ამ დროისთვის ხარკოვის ოლქის ტერიტორიის დაახლოებით 25% რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Фокус-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ხარკოვის ოლქის ტერიტორიის დაახლოებით 20-25% ოკუპირებულია. თავიდან 22 ტერიტორიული თემი იყო ოკუპირებული, ახლა ნაკლებია - ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ყოველდღიურად მცირდება", - განაცხადა მან.
თუმცა, სინეგუბოვის თქმით, რაც უფრო წინ მიიწევენ უკრაინელი სამხედროები, მით უფრო რთულია ბრძოლა, რადგან ოკუპანტები ახლა თავიანთი პოზიციების შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულნი.
"ანუ ეს არ არის კიევის, სუმის ან ჩერნიგოვის სცენარი, როდესაც მტერი უკვე მიხვდა, რომ მან წააგო ეს ბრძოლა და უკან დაიხია, შეცვალა ტაქტიკა. აქ ის იკავებს ტერიტორიას და ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ტერიტორიის ყოველი მეტრისთვის. ჩვენი დამცველების სიცოცხლის ფასად", - თქვა სინეგუბოვმა.