სირსკი: რუსეთი ჩასივ-იარის აღებას 9 მაისამდე გეგმავს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი სირსკის მიხედვით, რუსეთი, ქალაქი ჩასივ-იარის დაჩქარებულ აღებას გეგმავს, რაც, მისი სიმაღლეზე მდებარეობის გამო, მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.
რუსეთი 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ტრადიციული სამხედრო აღლუმით აღნიშნავს. შესაბამისად, დონეცკის რეგიონში მდებარეობით მნიშვნელოვანი ქალაქი ჩასივ-იარის დაკავება, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელიც იქნება.
გენერალმა სირსკიმ, რომელიც მიმდინარე კვირაში ფრონტზე ვითარების გაუარესებაზე იტყობინებოდა, განაცხადა, რომ რუსეთი, დიდი ძალების ფოკუსირებას, სწორედ, ამ მიმართულებით ახდენს, სანამ დონეცკის ერთ-ერთი დიდი ქალაქისკენ, კრამატორსკისკენ დაიძვრებიან. ჩასივ-იარის დაკავების შემდეგ, ქალაქი კრამატორსკი რუსეთის საარტილერიო დაფარვის ზონაში მოხვდება.
„მტერი დიდი ძალების კონცენტრაციას ახდენს ჩვენი თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად, რათა დაიკავოს დასახლებული პუნქტი ჩასივ-იარი, რითაც ქალაქი კრამატორსკისკენ წასაწევ წინაპირობას შექმნის “ - ამბობს მთავარსარდალი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმაროვმა, საკუთარ Facebook ანგარიშზე დაწერა, რომ უკრაინული შენაერთები აღმოსავლეთ ფრონტზე მოინახულა. არსებულ ვითარებას დაძაბულს უწოდებს, რადგანაც, რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად უტევს ქალაქ ბახუმიტს დასავლეთით - „მიუხედავად მტრის რიცხობრივი უპირატესობისა, ჩვენ ეფექტურად ვიცავთ თავს, რაც ჩვენი მეომრების სიმამაცის, წვრთნისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა" - ამბობს თავდაცვის მინისტრი.
სიმაღლეზე მდებარეობის გამო, სწორედ, ჩასივ-იარში გამაგრებას ურჩევდნენ უკრაინელებს დასავლელი კონსულტანტები. თვეების განმავლობაში, ქალაქზე, ე.წ. სიცოცხლის გზა გადიოდა, რომელსაც უკრაინელები ბახმუტის გარნიზონის მოსამარაგებლად იყენებდნენ უკრაინის
სახმელეთო ჯარების პრესსპიკერის, ვოლოდიმირ ფიტიოს ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიას დაახლოებით 60-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული.