"ქალაქის დაკარგვას ЗСУ-სთვის მძიმე შედეგი ექნება" - რა ხდება ჩასივ-იართან
"ჩასივ-იარისთვის ბრძოლა დაიწყო" - წერდნენ უკრაინელი სამხედროები 4 აპრილს.
უკრაინელი სამხედროების ამგვარი შეფასების საფუძველი რუსეთის არმიის მიერ ქალაქის მიმართულებით ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით წამოწყებული იერიში გახდა. ქალაქზე, თითქმის 2-თვიანი კონცენტრირებული რუსული საავიაციო დარტყმების ფონზე, ჯავშანტექნიკის გამოყენებით დაწყებულმა იერიშმა ცხადყო, რომ საოკუპაციო არმიის მთავარი, ახალი სამიზნე, სწორედ ჩასივ-იარი იქნება.
სიმაღლეზე მდებარეობის გამო, სწორედ, ჩასივ-იარში გამაგრებას ურჩევდნენ უკრაინელებს დასავლელი კონსულტანტები. თვეების განმავლობაში, ქალაქზე, ე.წ. სიცოცხლის გზა გადიოდა, რომელსაც უკრაინელები ბახმუტის გარნიზონის მოსამარაგებლად იყენებდნენ.
უკრაინის სახმელეთო ჯარების პრესსპიკერის, ვოლოდიმირ ფიტიოს ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიას დაახლოებით 60-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული. რიცხვები, მაღალი ალბათობით, სანდოა.
ჩასივ-იარის ამაღლების დაკავება, ქალაქ კრამატორსკს, რუსეთის კონვენციური არტილერიის წვდომის არეალში მოაქცევდა. ადგილზე მებრძოლი უკრაინელი სამხედროების ცნობით, ჩასივ-იართან საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგანაც, არ არის ორგანიზებული თავდაცვითი ზღუდეები, ხოლო, საპირისპიროდ, აქტიურია რუსეთის სამხედრო ავიაცია.
ჩასივ-იართან შექმნილი ვითარების ანალიზს აქვეყნებს უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერი და პორტალ Frontell Intelligence-ის დამფუძნებელი, ფსევდონიმით - Tatarigami.
გთავაზობთ უკრაინელი სპეციალისტის ანალიზის თარგმანს.
ჩასივ-იარის ბრძოლა ლაკმუსის ტესტი იქნება ორივე მხარისთვის. უკრაინისთვის, ქალაქის დაკარგვას მძიმე შედეგები ექნება, ხოლო, რუსების მხრიდან დროულად ვერ აღება გაზრდის ეჭვებს, თუ რამდენად შეუძლია რუსეთს დონბასის ოლქის მთლიანად დაკავება.
ბუნებრივი მდებარეობა ჩასივ-იარს მნიშვნელოვან თავდაცვით პოზიციად აქცევს, განსაკუთრებით ბახმუტთან შედარებით. ქალაქის კონტროლი ბლოკავს რუსეთის წინსვლას დონბასის საკვანძო ქალაქებისკენ.
ჩასივ-იარისა და ბახმუტის დამაკავშირებელ გზაზე ბევრი ხიდია, რომელიც წყლის არხზეა გადებული. თავად არხი, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გადის, რაც ბუნებრივ თავდაცვით ბარიერს წარმოადგენს. საკმარისი რესურსების გამოყოფის შემთხვევაში, ჩასივ-იარი, შესაძლოა, რუსეთის არმიისთვის დაუძლეველი ბარიერი გახდეს.
თუ უკრაინელი სამხედროები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს დატოვებენ და არხზე გადებული ხიდებს ააფეთქებენ, მიუხედავად იმისა, რომ არხი არ არის ღრმა, ეს მაინც შეაფერხებს ოკუპანტების ჯავშანტექნიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აქცენტს ქვეითებზე გააკეთებენ.
ტრადიციისამებრ, ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებებზე რუსები საჰაერო-სადესანტო (ВДВ) ძალებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩასივ-იართან მოქმედი დანაყოფები უფრო მეტად ჰგავს რეგულარულ ნაწილებს, ისინი უფრო მობილურები არიან. ВДВ-ს 98-ე და 11-ე პოლკების ჩართულობა რუსეთის სამხედრო მეთაურობისთვის ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე მეტყველებს.
წყლის არხის ირგვლივ რუსული არმიის წინსვლის ალბათობა მაღალია. განსაკუთრებით, პლანირებადი საავიაციო ბომბების დამანგრეველი ეფექტისა და საარტილერიო ცეცხლში მზარდი უპირატესობის გათვალისწინებით. ეს კიდევ უფრო ართულებს ამ მიმართულების დაცვას.
როგორც ЗСУ-ს 67-ე ბრიგადის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მოწმობს, 4 აპრილს, რუსეთის მიერ წამოწყებული იერიში ჯავშანტექნიკის მძიმე დანაკარგებით დასრულდა. ЗСУ-ს თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსეთის შეტევამ რამდენიმე საყურადღებო ფაქტორი გამოავლინა.
ჩვენ გავაანალიზეთ რუსული ჯავშანტექნიკის მოძრაობის მარშრუტი და სატელიტური ფოტოები - ოკუპანტების ჯავშანტექნიკა მოძრაობდა ჩასივ-იართან დამაკავშირებელ გრუნტის გზაზე და მიაღწია არხის რაიონს ისე, რომ არ აღმოჩენილან დანაღმულ ველზე. ეს შესაძლოა დიდი პრობლემის ინდიკატორი იყოს.
უფრო დიდი პრობლემის კიდევ ერთი ინდიკატორი რუსული ავიაციაა: სახმელეთო ოპერაციების ახლო მხარდაჭერისთვის რუსები CУ-25-ის ტიპის 4 მოიერიშე თვითმფრინავს იყენებენ. ეს აჩვენებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში არსებული პრობლემის მაგნიტუდას და, ასევე, მოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების სიმცირეს. სავარაუდოა, რომ რუსები გააგრძელებენ ამ სისუსტის გამოყენებას.
ჩვენი შეფასებით, ვითარება რთულია რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე: ფორტიფიკაციების დაგვიანებული მშენებლობა და გაჭიანურებული მობილიზაციის ფონზე საკადრო დეფიციტი. ასევე, არის მკაფიო ნაკლებობა დასავლური დახმარების, განსაკუთრებით, ამუნიციის, საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების.
მხოლოდ განლაგება არ იქნება საკმარისი რუსების შესაჩერებლად. ჩვენი მცველების გმირობა და პროფესიონალიზმი ვერ იქნება თავდაცვის ერთადერთი ბურჯი. აქედან გამომდინარე, უკრაინას სჭირდება თავდაცვის კომპლექსური მიდგომა, რომელიც გაითვალისწინებს არსებულ სისუსტეებს და წარსულ შეცდომებს.
სავარაუდოა, რომ უკრაინის და დასავლეთის საგანგებო ზომების გარეშე, მიმდინარე წელს, რუსეთის უპირატესობა უკრაინის წინააღმდეგ პიკურ მაჩვენებელს მიაღწევს. ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და ირანისგან მიღებული დახმარებით, რუსეთს შეეძლება ფრონტზე ტაქტიკური წინსვლა მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს.