რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენც გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად რუსეთმაც უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები.

ჩაშლილად: "ვაღიარებთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ საკვანძო საკითხი რა თქმა უნდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებია". - განაცხადა გრუშკომ.

  • გრუშკოს თქმით, ევროკავშირი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მუშაობისას არ ითვალისწინებს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს.

  • დიპლომატის განმარტებით, რუსეთის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე.

  • გარდა ამისა, მშვიდობის მიღწევის შემდეგ უკრაინაში არ უნდა იდგეს უცხო ქვეყნის ჯარი და ქვეყანა არ უნდა იქცეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო პლაცდარმად.

  • უწყებაში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი უნდა გახდეს 2021 წლის საბუთები, რომლებიც რუსეთმა დასავლეთს წარუდგინა.

სიღრმისეულად: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და დონეცკის ოლქის კონტროლი არის მთავარი საკითხები, რომლებსაც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განიხილავენ.

  • 9 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საბუთები უკვე მზად არის.

  • NATO-ში უკრაინის წევრობის შესახებ ნახსენებია, როგორც 28-პუნქტიან, ისე დარედაქტირებულ 20-პუნქტიან გეგმაში, თუმცა რუსეთი ყველა ჯერზე NATO-ს საკითხის უგულებელყოფას ცდილობს.

  • ამ ეტაპზე უკანასკნელი სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში 5 თებერვალს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში განახლდება.

მსგავსი სიახლეები