სომალის დედაქალაქში სასტუმროს ალყისას სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სასტუმრო ჰაიატზე, ისლამისტური დაჯგუფება "აშ შაბაბის" შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ კვირას, 21 აგვისტოს, პოლიციისა და საავადმყოფოს პერსონალის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
სომალის ჯანდაცვის სამინისტრო 21 დაღუპულზე საუბრობს. ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია 117 ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
19 აგვისტოს საღამოს, თავდამსხმელები შეიჭრნენ პოპულარულ სასტუმროში, რომელიც ადენ-ადდეს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. სასტუმროს გათავისუფლების ოპერაციის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ში გაწვრთნილი სომალის ანტიტერორისტული სპეცრაზმი და სომალის პოლიციის სპეცრაზმი, მძიმე იარაღი გამოიყენეს. სასტუმროს შტურმი 21 აგვისტოს ღამით დასრულდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობაც ჯერჯერობით უცნობია, ყუმბარებითა და კალაშნიკოვებით იყვნენ შეიარაღებულები. უშიშროების ძალების პირველადი შეფასებით, თავდასხმაში ოთხიდან ხუთამდე ტერორისტი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით, ორი თავდამსხმელი მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "აშ შაბაბმა" აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.