სომხეთმა ამერიკასთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, 11 სექტემბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადა ზარის სასწავლო ცენტრში სომხურ-ამერიკული წვრთნები Eagle Partner 2023 დაიწყო.

ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

ერთობლივი სწავლების გახსნის ცერემონიას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ ასრიანი დაესწრო.

"სწავლების დროს შემუშავდება მოქმედებები კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ამოცანების შესრულებით.

წვრთნების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის დონის ამაღლება, სამეთაურო და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე მზადყოფნის გაზრდა სომხური ქვედანაყოფის ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამის "ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის" დაგეგმილი შეფასებებისთვის," - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკული მხრიდან წვრთნებში 85 სამხედრო მონაწილეობს, სომხეთიდან კი - 175. სწავლებაში მძიმე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყენებენ, მხოლოდ მცირე ზომის იარაღს.

რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა დონეზე აკრიტიკებს სომხეთის გადაწყვეტილებას შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კარგს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ "ნატოს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეაღწიოს."

მსგავსი სიახლეები