სომხეთში პრორუსი ბლოგერი და Sputnik-ის ჟურნალისტი დააკავეს

სომხეთში იარაღის უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი Sputnik სომხეთის ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი და პრორუსი ბლოგერი მიკა ბადალიანი დააკავეს.

ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა გორ აბრაჰამიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ისინი სიუნიქის რეგიონში 6 და 7 სექტემბერს დააკავეს.

რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის ცნობით, ამ საქმეზე სულ შვიდი პირი დააპატიმრეს.

აბრაჰამიანის თქმით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან სისხლის სამართლის კოდექსი 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაში - ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი კომპონენტების, საბრძოლო მასალისა და სხვა მასალების უკანონო ბრუნვა. 

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. 

სომხეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ინციდენტის გარემოებების გასარკვევად ზომებს მიიღებს.

საელჩო ხაზს უსვამს: "ჩვენ კონტაქტზე ვართ ამ საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორებთან და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას."

ვითარებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც.

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია ერევანში გამართულ რუსულ-სომხურ მედიაფორუმთან დაკავშირებით. მათი პროვოკაცია, ვინც ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. დასავლეთმა კი ამაში დიდი ფული ჩადო. ცხადია, ამისკენ მიმართული ძალები ბოლო დროს გააქტიურდნენ." - წერს ზახაროვა თავის ტელეგრამის არხზე.

მსგავსი სიახლეები