სტეფანჩუკმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უკრაინისთვის გამანადგურებლები მოითხოვა
31 იანვარს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე სიტყვით უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გამოვიდა. მისი გამოსვლის ტექსტი უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
"თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც არავინ, კარგად ვიცით, რომ აგრესიის ერთადერთი მიზანი არის რუსეთის დანაშაულებრივი სურვილი, დაიკავოს უცხო ტერიტორიები, წაართვას უკრაინას სუვერენიტეტი და შეუძლებელი გახადოს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს ყველაფერს, რაც არსენალში აქვს, აშანტაჟებს მსოფლიოს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მუქარით", - განაცხადა სტეფანჩუკმა.
უმაღლესი რადას სპიკერმა საფრანგეთს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში "ლიდერული როლისთვის" მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, ის იმედოვნებს, რომ საფრანგეთი ასევე დაუჭერს მხარს უკრაინის განცხადებას ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის შესახებ.
სტეფანჩუკმა საფრანგეთს სამხედრო დახმარებისთვისაც გადაუხადა მადლობა. მან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ჯავშანტექნიკის და ტანკების გადაცემა გაიხსენა. უმაღლესი რადას სპიკერმა აღნიშნა, რომ პარიზის ქმედებებმა "სხვა სახელმწიფოებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმის იმპულსი მისცა."
"თქვენი წყალობით, ახალი სიტყვები შევიდა უკრაინულ ლექსიკაში. ახლა ჩვენ კარგად ვიცით, რა არის Crotale, Caesar, LRU, AMX-10RC. და ჩვენ მზად ვართ გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკა ახალი სიტყვებით. გვინდა Leopard, Abrams და Challenger-თან ერთად ვიხილოთ ფრანგული Leclerc, რომელიც ხმელეთზე გაგვაძლიერებს. და Mirage Rafale-თან ერთად (ფრანგული გამანადგურებლები. - რედ), რომლებიც სხვა თვითმფრინავებთან ერთად დაიცავენ უკრაინის ცას! მოგვეცით თვითმფრინავები! მოგვეცით ჩვენი გამარჯვების ფრთები! ფრთები, რომლებითაც ჩავკეტავთ უკრაინის ცას და დავიცავთ მთელ ევროპას." - განაცხადა სტეფანჩუკმა.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში, სტეფანჩუკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა.