სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის არმია ეტაპობრივად მიიწევს წინ
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს შემდეგ, კიევს დაუანონსებელი ვიზიტით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია.
პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც.
"უკრაინის არმია უმძიმეს ბრძოლებს აწარმოებს, მაგრამ ეტაპობრივად წინ მიიწევს. მიწის თითოეული მეტრი, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები იბრუნებენ არის ტერიტორია, რომელსაც მოსკოვი კარგავს. კრემლი უკრაინაში იმპერიალისტური მიზნებით იბრძვის"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა - სტოლტენბერგის თქმით ეს მხოლოდ დროის საკითხია.
"დღეს შედგა საუბარი უკვე დე-ფაქტო მოკავშირეებს შორის და ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი. ჩვენ ვცდილობთ ეს დღე მაქსიმალურად მოვაახლოვოთ",- თქვა სტოლტენბერგმა.
კონტექსტი
შეხვედრის მთავარი თემა შეიარაღების საკითხი, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ზრდა, "რაც ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალურია."