სუნაკი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურს დავაბრუნებთ
ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა თქვა, რომ ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალ ფორმას დანერგავს, თუ კონსერვატორები არჩევნებში გაიმარჯვებენ.
კამპანიის პირველი მსხვლი პოლიტიკური დაპირების დაანონსებისას პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც 18 წლის ახალგაზრდებს მიეცემათ არჩევანის საშუალება - 12 თვის განმავლობაში სრულ განაკვეთზე სამხედრო სამსახური ან სქემა, რომლითაც მოხალისეები იქნებიან თვეში ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში, მთელი წელიწადი.
ასევე იარსებებს ნებაყოფლობითი სამსახურის ფორმა ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც ისინი იმუშავებენ პოლიციაში, სახანძრო სამსახურში, ჯანდაცვის სისტემაში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ ხანდაზმულ ადამიანებთან.
სუნაკმა თქვა, რომ ახალი მოდელი "ახალგაზრდებს ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობებს მისცემს, რათა შეიძინონ რეალური სამყაროს უნარები."
კვირას პრემიერ-მინისტრმა Daily Mail-ში დაწერა: "მათ, ვინც ჩივის, რომ სავალდებულო სამსახური არაგონივრულია, მე ვეუბნები: მოქალაქეობას თან მოსდევს ვალდებულებები და უფლებები. იყო ბრიტანელი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რიგი, რომელსაც საპასპორტო კონტროლისას უერთდები."
სავალდებულო სამხედრო სამსახური ბრიტანეთში ძალაში 1949 წლის იანვარში შევიდა. ამ პერიოდში 17-დან 21 წლამდე ასაკის ყველა ფიზიკურად მომზადებულ მამაკაცს უნდა ემსახურა შეიარაღებულ ძალებში 18-თვიანი ვადით, 1950 წელს კი ეს პერიოდი ორ წლამდე გაგრძელდა.
თუმცა, სამსახური 1960 წელს გაუქმდა და ბოლო წვევამდელები 1963 წელს გაათავისუფლეს.
კონსერვატორების შეფასებით, პროგრამა 2029/30 წლისთვის წელიწადში 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით უნდა დაფინანსდეს.
სუნაკის ინიციატივის საპასუხოდ, ლეიბორისტული პარტიის სპიკერმა აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადება "სასოწარკვეთილია" და დასძინა: "ეს არ არის გეგმა - ეს არის მიმოხილვა, რომელიც შეიძლება დაჯდეს მილიარდები და საჭიროა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსერვატორების პოლიტიკის გამო, ახლა ნაპოლეონის პერიოდის შემდეგ ყველაზე მცირე ზომის არმია გვყავს."