თურქეთის დაზვერვამ გიულენთან დაკავშირებული ლიცეუმების დირექტორი ყირგიზეთიდან გაიტაცა

კერძო ლიცეუმების ქსელის საფათის დამფუძნებელი, ორხან ინანდი თურქეთში იმყოფება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ორხან ინანდი, რომელიც 1992 წლიდან ყირგიზეთში საქმიანობს და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს, 31 მაისს გაუჩინარდა. მის ოჯახის წევრებს ინანდის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონდა. 

ერდოღანის თქმით, ინანდის გატაცების სპეცოპერაცია თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციამ ჩაატარა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინანდი ცენტრალურ აზიაში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ღალატობენ ჩვენს სახელმწიფოს, ღვრიან სისხლს და გვაყენებენ მატერიალურ ან მორალურ ზიანს გააგრძელონ არსებობა",- თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ინანდის მსგავსად თურქეთის სპეცსამსახურებმა ქვეყანაში 100-ზე მეტი პირი დააბრუნეს. 

ორხან ინანდი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ყირგიზეთში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო. ინანდი მიმდინარე წლის 31 მაისს გაუჩინარდა. ამ დროის განმავლობაში ინანდის ცოლი ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი თურქეთის საელჩოს შენობაში ყავდათ დატყვევებული და აიძულებდნენ უარი ეთქვა ყირგიზეთის მოქალაქეობაზე. 

ინანდის გათავისუფლების მოთხოვნით, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა, თუმცა, თურქ დიპლომატებს საკითხზე ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

მოგვიანებით, ყირგიზეთის პოლიციამ ინანდის გაუჩინარების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრა, საკითხი განიხილეს ქვეყნის პარლამენტშიც, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წელს ყირგიზეთმა უარი უთხრა თურქეთს ინანდის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. 

დეპუტატებმა ინანდის გაუჩინარებას პოლიტიკური ოპერაცია უწოდეს, ხოლო სასაზღვრო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ინანდის ქვეყნის საზღვარი არ გადაუკვეთავს. 

ორხან ინანდი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო ორგანიზაციების ქსელ საფათს. ორგანიზაცია ყირგიზეთში 1992 წლიდან საქმიანობდა და მასში შედიოდა 16 ლიცეუმი და რამდენიმე უნივერსიტეტი. 

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით ამ საგანმანათლებლო ქსელის დამფუძნებელი ფეთჰულა გიულენია, რომელსაც ერდოღანის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციები, თურქეთმა ტერორისტულ ორგანიზაციათა ჩამონათვალში შეიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები