ტაივანზე კონგრესის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა კუნძულთან წვრთნები ჩაატარა
15 აპრილს ჩინეთმა ტაივანის სანაპირო ზოლთან ახლოს სამხედრო წვრთნები ჩაატარა.
პეკინმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ფრეგატები, ბომბდამშენები და მოიერიშე თვიმფრინავები გაგზავნა და ტაივანის საჰაერო ზონაში ფრენები განახორციელა.
სამხედრო მანევრები კუნძულზე აშშ-ს კონგრესის დელეგაციის სტუმრობას მოჰყვა.
გუშინ ტაიპეიში ამერიკელი კანონმდებლების ჯგუფი ჩავიდა, რომლებსაც გავლენიანი სენატორები, დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი ლინდსი გრემი ხელმძღვანელობდნენ.
„წვრთნები აშშ-ს მიერ არასწორ სიგნალებზე პასუხი იყო. ის ვინც ცეცხლს ეთამაშება, საკუთარ თავს დაიწვავს“, - ნათქვამია პეკინის გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინაში ომის ფონზე ჩინეთმა კუნძულის მიმართ, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რიტორიკა გაამკაცრა.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა ადასტურებს, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთმანეთს შორის ალიანსები უნდა გააძლიერონ - ჩვენ ერთობლივად თავი უნდა დავიცვათ იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც ავტორიტარული ქვეყნები რეგიონულ მშვიდობას უქმნიან“, - განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა სენატორებთან შეხვედრის შემდეგ.
გასულ წელს ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ტაივანზე კონტროლის დასამყარებლად „სამხედრო ზომების“ მიღებას არ გამორიცხავენ.
აშშ კუნძულის უსაფრთხოების მთავარ გარანტად მიიჩნევა.
„ჩემთვის პატივი იყო ტაივანზე სტუმრობა, სადაც თავისუფლება მეფობს“, - წერს სენატორი ლინდსი გრემი.