Tasnim: ირანი გაზაფხულზე რუსეთისგან Su-35-ებს მიიღებს

თეირანი 21 მარტს რუსეთიდან რამდენიმე დანიშნულების სუპერმანევრირებად გამანადგურებელს Su-35 მიიღებს. ამის შესახებ 15 იანვარს ირანული სააგენტო Tasnim წერს.

გამოცემა ირანის მეჯლისის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრს, შაჰრიარ ჰეიდარს ციტირებს: "რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების და ვერტმფრენების შეკვეთები გავუგზავნეთ და ამ იარაღის უმეტესობას მალე მივიღებთ."

ირანის საჰაერო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჰამიდ ვაჰედიმ 2022 წლის სექტემბერში აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დგას მოსკოვიდან Su-35-ების შეძენა.

 რუსეთი ირანს გამანადგურებლების ესკადრილიას მიაწვდის

2022 წლის 24 დეკემბერს ისრაელის ტელევიზია i24news-მა, მოსკოვსა და თეირანს შორის სამხედრო გარიგებების მონიტორინგის სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი მალე მიაწვდის ირანს საბრძოლო თვითმფრინავების ესკადრილიას.

სავარაუდოდ, საუბარია 24 გამანადგურებელ Su-35-ზე, რომლებიც თავდაპირველად ეგვიპტესთვის იყო განკუთვნილი. დაზვერვის თანახმად, ირანელ პილოტებს უკვე გავლილი აქვთ წვრთნა ამ თვითმფრინავებზე. გარდა ამისა, თეირანს მოსკოვიდან საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მიეღო..

i24news წერს, რომ ირანს, თავის მხრივ, რუსეთისთვის უკვე გადაცემული 1700 დრონის გარდა, რუსეთში უნდა გაეგზავნა 300 Shahed-136 კამიკაძე დრონის კიდევ ერთი პარტია. მოსკოვი უარყოფს ირანული იარაღის გამოყენებას უკრაინის დარტყმისთვის. თეირანმა აღიარა, რომ უკრაინაში შეჭრამდეც კი რუსეთში უპილოტო თვითმფრინავები გაგზავნა, მაგრამ მცირე პარტია.

მსგავსი სიახლეები