ტრამპი სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, მარკო რუბიოს დანიშნავს - ამერიკული მედია
ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს დანიშნავს სახელმწიფო მდივნად.
ამის შესახებ CNN ორი წყაროზე დაყდნობით წერს.
ორშაბათს საღამოს გაურკვეველი იყო, უკვე შესთავაზა თუ არა ტრამპმა რუბიოს თანამდებობა ოფიციალურად.
დილის მდგომარეობით, ერთ-ერთმა წყარომ თქვა, ტრამპს უფრო მეტად რიჩარდ გრენელის დანიშნვნა სურდა, მაგრამ დღის განმავლობაში მან განწყობა შეიცვალა ფლორიდის სენატორის მოკავშირეებისგან მიღებული არაერთი ზარისა და საუბრის შემდეგ. გრენელი ტრამპის ადმინისტრაციის დროს გერმანიაში ელჩი, შემდეგ კი ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
გამოცემას სხვა წყაროებმა განუცხადეს, რომ ოფიციალურ შეთავაზებამდე, ტრამპმა შეიძლება გადაიფიქროს.
CNN-ს წყარომ განუცხადა, რომ რუბიოს მანამდე ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაც სურდა.
საგარეო პოლიტიკაში მისი ღრმა გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ის სენატის დაზვერვის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესაფერის კანდიდატად ითვლება.
სენატორი წარმოშობით ფლორიდადანაა და ახლო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ უფროსთან, სუზი უილსთან.
რუბიო ასევე 15 რესპუბლიკელ სენატორს შორის იყო, ვინც 2024 წელს უკრაინის დახმარების კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. მან ერთსაათიან გამოსვლაში დაგმო რუსეთის აგრესია, შემდეგ კი აღნიშნა, რომ აშშ შიდა ინტერესებზე უნდა ფოკუსირდეს.
ცოტა ხნის წინ მან შეცვალა რიტორიკა ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით და ნოემბერში აღნიშნა, რომ ომი ჩიხში შევიდა და უნდა დასრულდეს.
"ვფიქრობ, უკრაინელები წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები იყვნენ, როცა რუსეთს დაუპირისპირდნენ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რასაც ჩვენ აქ ვაფინანსებთ, ჩიხშია და ეს უნდა დასრულდეს." - თქვა რუბიომ.
მან ასევე დაამატა, რომ "უკრაინას 100 წელი დასჭირდება ქვეყნის აღსადგენად."
ფლორიდის სენატორი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. 2020 წელს ის ჩინეთის მთავრობამ ხუთ ამერიკელ კანონმდებლთან ერთად დაასანქცირა.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ჩინეთი მას ამ სანქციებს, სავარაუდოდ, მოუხსნის.