ტრამპის გუნდი კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს განიხილავს - Reuters
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი განიხილავს მოლაპარაკებებს უშუალოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს შეიარაღებული კონფლიქტის რისკების შემცირებას.
ამის შესახებ Reuters 26 ნოემბერს, ვაშინგტონში ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ტრამპის გუნდიდან რამდენიმე ადამიანი მოელის, რომ გამოიყენოს არსებული პირდაპირი კონტაქტები ამერიკელ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების აღსადგენად და ქვეყნებს შორის "ყინულის გასალღობად."
ტრამპის კომუნიკაცია მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ურთიერთ შეურაცხყოფით დასრულდა.
რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აპირებს ალექს ვონგის დანიშვნას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლობირებდა ტრამპსა და კიმს შორის პირდაპირ კონტაქტს, როგორც დიპლომატიურ სტრატეგიას ვაშინგტონისთვის.
ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეამ უგულებელყო ჯო ბაიდენის ყველა მოწოდება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამ გაზარდა სარაკეტო არსენალი და გააღრმავა ურთიერთობა რუსეთთან.
ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას "ყოვლისმომცველი" სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე.
ეს შეიძლება იყოს დაბრკოლება აშშ-ის მიზნებისთვის. ვაშინგტონს ოფიციალურად არ შეუცვლია პოზიცია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა ამ საკითხზე ფხენიანზე ზეწოლაზე.
სექტემბრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტერმინმა - "დენუკლეარიზაცია" - ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში "ყველა მნიშვნელობა დაკარგა."