ტრამპმა არ უარყო, რომ პუტინს თეთრი სახლი დატოვების შემდეგ ესაუბრა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარების შესახებ ცნობების დადასტურებაზე ან უარყოფაზე.
ამის შესახებ მან ჩიკაგოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოდერატორმა ტრამპს შეკითხვა დაუსვა 2021 წლის შემდეგ პუტინთან მის სავარაუდო საუბრებზე, რაზეც Washington Post-ის რედაქტორი ბობ ვუდვორდი ექსპრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა თავის წიგნში "ომი."
"კარგი, ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ ამას გეტყვით: თუ ეს გავაკეთე, მაშინ გონივრული საქმეა. თუ ხალხთან ვმეგობრობ, თუ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, ეს კარგია. ცუდი არ არის, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით," - უპასუხა ტრამპმა.
მან განაგრძო, რომ პუტინს აქვს "2000 ბირთვული ქობინი, ისევე როგორც ჩვენ."
"რუსეთში არასდროს ჰყოლია პრეზიდენტი, რომელსაც ასე პატივს სცემდნენ, მაგრამ რაც მთავარია, მე ვფიქრობ, რომ ჩავედი რუსეთში და ხალხმა თქვა: მას (ტრამპს - რედ.) უყვარს პუტინი და პუტინს უყვარს ის," - აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ "პირველი რაც გავაკეთე ეს იყო Nord Stream 2-ის მშენებლობის შეჩერება, რომლის შესახებაც მანამდე არავის სმენია." (ტრამპის დროს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა Nord Stream 2-ის ოპერატორს 2021 წლის იანვარში)
თეთრმა სახლმა ადრე განაცხადა, რომ ინფორმაცია 2021 წლის შემდეგ პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო საუბრების შესახებ "სერიოზულად შემაშფოთებელია."