თრასი: უკრაინელები იბრძოლებენ, პუტინი ამ ჭაობში გაიჭედება
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელიზაბეტ თრასმა, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე და ბრიტანეთის შესაძლო რეაქციაზე ისაუბრა.
BBC-ის ეთერში ფორინ ოფისის ხელმძღვანელმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის შესაძლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე შესაძლოა გახდეს რუსეთის ფინანსური დაწესებულებები, ენერგეტიკული და ნებისმიერი სხვა ტიპის კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლებას.
"ამ დროისთვის, კანონმდებლობით სანქციების არეალი შეზღუდულია, ის შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები უკრაინის დესტაბილიზაციაში. ჩვენ გვსურს იმგვარად გავაფართოოთ არეალი, რომ სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს კრემლისთვის ფასეული და საინტერესო ნებისმიერი კომპანია. ჩვენ გვინდა, რომ პუტინის ოლიგარქებს და მათ კომპანიებს არსად ჰქონდეთ დასამალი სანქციებისგან",- თქვა თრასმა.
ამასთანავე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მათ შორის სანქციები შესაძლოა შეეხოს ლონდონში რუსი ოლიგარქების კუთვნილებაში არსებულ უძრავ ქონებასაც.
მისი განმარტებით, ბრიტანეთის მიზანია დესტაბილიზაციაში მონაწილე ყველა პირმა იცოდეს, რომ არავინ იქნება დაცული სანქციებისგან. მოსალოდნელია, რომ სანქციების კანონმდებლობის შეცვლის წინადადებით თრასი პარლამენტს უკვე ორშაბათს, 31 იანვარს მიმართავს.
უკრაინის დახმარებაზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, ბრიტანეთმა ადგილზე სამხედროები გაგზავნონ.
მან ასევე დაადასტურა, რომ ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას შეიარაღებით და წვრთნის პროგრამით.
ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა უკვე გაწვრთნეს დაახლოებით 20 ათასი უკრაინელი სამხედრო.
რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე საუბრისას თრასმა თქვა: "უკრაინელები იბრძოლებენ, პუტინი კი ამ ჭაობში გაეჭედება".
აღნიშნულ ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა მალე შესაძლოა გააორმაგოს სამხედრო კონტინგენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ამ დროისთვის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში სულ 1 050 ბრიტანელი სამხედროა დისლოცირებული, 900 ესტონეთში და 150 პოლონეთში. გარდა ამისა, 100 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორი იმყოფება უკრაინაში.