უკრაინამ უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი დაბლოკა
რუსეთის ფედერაციიდან ნავთობი უნგრეთში აღარ მიედინება Дружба-ს ნავთობსადენით, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია Lukoil-ის წინააღმდეგ უკრაინის სანქციების გამკაცრების გამო.
Bloomberg წერს, რომ ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ნიუ-იორკში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"უკრაინაში შეიქმნა საკანონმდებლო ვითარება, რომლის მიხედვითაც Lukoil ამჟამად არ აწვდის [ნავთობს და გაზს] უნგრეთს," - ციტირებს გამოცემა სიიარტოს სიტყვებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ Lukoil და უნგრული ენერგეტიკული კომპანია MOL ახლა "ერთობლივ სამართლებრივ გადაწყვეტაზე მუშაობენ," რათა აღადგინონ მილსადენით ნავთობის მიწოდება.
გასულ წელს, რუსეთის ფედერაციიდან უნგრეთში ნავთობის მოცულობა, 2022 წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა, თუმცა, ბუდაპეშტმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად, განაგრძო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება მოსკოვთან, ხელი მოაწერა რამდენიმე ხელშეკრულებას რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ.
კიევმა Lukoil-ის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს შემოიღო, მაგრამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ისინი 2024 წლის ივნისში, კერძოდ, დაამატა რუსული კომპანიის პროდუქციის უკრაინის გავლით ტრანზიტის აკრძალვა.