უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, ბლინკენი სერგეი ლავროვს შეხვდება
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება, ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრა ჟენევაში გაიმართება.
"ის ფაქტი, რომ მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დიპლომატია ჯერ არ მომკვდარა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლავროვთან შეხვედრამდე სახელმწიფო მდივანი დღეს, 19 იანვრის დილით უკრაინაში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის გარდა, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
13 იანვარს, რუსეთს, აშშ-ს, ნატოსა და ეუთოს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული მოთხოვნები იყო - კრემლი ითხოვდა გარანტიებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, შეზღუდავდა სამხედრო ძალის და შეიარაღების რაოდენობას რუსეთის საზღვრის მიმდებარედ და ბათილად გამოაცხადებდა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები.
უფრო მეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.