უკრაინაში ომის გამო, ნატომ შესაძლოა სტოლტენბერგის მანდატი გაუხანგრძლივოს - Politico
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შესაძლოა ამ თანამდებობაზე მას შემდეგაც დარჩეს, რაც 2023 წლის სექტემბერში მისი ამჟამინდელი მანდატი ამოიწურება. ამის შესახებ Politico 30 იანვარს წერს.
გამოცემის ცნობით, ნატოს წრეებში უფრო მეტად საუბრობენ, რომ სტოლტენბერგს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდება. Politico აღნიშნავს, რომ მომავალ გენერალურ მდივანს მოუწევს წონასწორობის დაცვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებასა და ალიანსის თავდაცვის გაძლიერებას შორის, მაშინ როდესაც ფორმალურად კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს. გამოცემა წერს, რომ ამჟამად ასეთი გამოცდის ჩაბარება ცოტა ადამიანს შეუძლია.
გამოცემა ანონიმურ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ყველაზე მეტი საუბარი სტოლტენბერგის ვადის გაგრძელებაზეა. დიპლომატის თქმით, ის ითვლება სანდო კანდიდატად, რომელსაც შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება და დიდი კრიზისების მართვა. წყარომ აღნიშნა, რომ თავად სტოლტენბერგსაც სურს დარჩენა.
სხვა სავარაუდო კანდიდატები ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი არიან.
დიპლომატის თქმით, სახელების მესამე ჯგუფი, რომელიც ნაკლებად ხშირად მოიხსენიება, არის ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა კაპუტოვა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი. არსებობს მოსაზრება, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ქალი უნდა დაინიშნოს.