უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე რუმინეთში მოამზადებენ
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ (CSAT) ხუთშაბათს ქვეყანაში F-16-ის მფრინავების მომზადების ცენტრის პროექტი განიხილა, რომელიც შეიძლება ნატოს წევრებმა და მოკავშირე ქვეყნებმა გამოიყენონ.
ამ ინფორმაციას Європейська правда ავრცელებს.
CSAT-ის შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთის F-16-ის პილოტების სასწავლო ცენტრის პროექტში მონაწილეობა, რომელიც სხვა მოკავშირეებთან და Lockheed Martin-თან ერთად შეიქმნება.
"აქ F-16-ებზე რუმინელი პილოტები გაიწვრთნებიან და შემდგომში ეს ცენტრი ღია იქნება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების პილოტებისთვის, მათ შორის უკრაინიდან," - ნათქვამია განცხადებაში.
CSAT აღნიშნავს, რომ სასწავლო ცენტრი დააკმაყოფილებს ნატოს წევრებისა და რეგიონული პარტნიორების სასწავლო მოთხოვნებს და "რუმინეთი F-16-ის მფრინავების მომზადებაში რეგიონული ლიდერი გახდება."
ივნისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნები რუმინეთს, როგორც უკრაინელი მფრინავების მოსამზადებელ ადგილს განიხილავენ.