უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული საბურღი პლატფორმები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "Черноморнефтегаз-ის" საბურღი პლატფორმები დაბომბეს, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ამის შესახებ 20 ივნისს ე.წ "ყირიმის ხელმძღვანელმა" სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე განაცხადა.
"დღეს დაახლოებით დილის რვა საათზე... "Черноморнефтегаз-ის" საბურღი პლატფორმები დაბომბეს", - აღნიშნა აქსიონოვმა.
მისი თქმით, ბაქანზე მყოფი 12 ადამიანიდან 5 გადაარჩინეს, სამი დაშავებულია, დანარჩენების ძებნა კი გრძელდება.
ინფორმაცია Telegram-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ დაადასტურა.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 'ბოიკოს კოშკები' დაბომბეს. ახლა რუსეთი უკრაინის შავ ზღვაში გაზის მოპოვებას ვერ შეძლებს", - წერს ის.
შაბათ-კვირას რუსმა დამპყრობლებმა კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (პოლტავას რაიონი) დაბომბეს, ასევე ცეცხლის ქვეშ მოხვდა შაბელინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხარკოვის რეგიონში და ნავთობის საცავი დნეპროპეტროვსკის რეგიონში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივნისს გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა უპასუხებს მისი საწვავის ინფრასტრუქტურის დაბომბვას.