უკრაინის დაზვერვა: ბელორუს სამხედროებს უკრაინასთან ომი არ სურთ

ბელორუს სამხედროებს უკრაინასთან ბრძოლა არ სურთ, თვლის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი. ამის შესახებ მან 25 ივნისს РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ისინი არ იმოქმედებენ ცალკე, არამედ მხოლოდ რუსულ-ბელორუსული ჯგუფის შემადგენლობაში, ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. თუ გადავხედავთ იმ პოზიციას, რომელსაც ბელორუსის ხელმძღვანელობა, კერძოდ, ლუკაშენკო ახლა იკავებს, მას ესმის, რამდენად საშიშია მისი რეჟიმისთვის ღიად ომში შესვლა", - განაცხადა სკიბიცკიმ.

მას მიაჩნია, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, "ბელორუსის ომში ჩაბმა ფაქტიურად კოლაფსია ლუკაშენკას რეჟიმისთვის და არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს რუსეთის სრულ კონტროლს."

"სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი მთლიანად აკონტროლებს ბელორუსის ტერიტორიას და შეუძლია იქ შესვლა ნებისმიერ მომენტში. საჭიროა მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილება და სულ ეს არის. ისინი ხომ მათ აეროდრომებს იყენებდნენ, იქ საჰაერო თავდაცვა იყო განლაგებული, ჯარები გამუდმებით წვრთნებზე იყვნენ იქ, მათ იციან ყველა სფერო. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ჩვენთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბელორუს სამხედროებს ბრძოლა ნამდვილად არ სურთ. ისინი განსაკუთრებით შეძრწუნდნენ, როცა დამარცხებული რუსული ჯარები კიევიდან ბელორუსის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. პირველ რიგში, დიდი დანაკარგების გამო. ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ არის უბრალოდ გასეირნება, არამედ ნამდვილი ომი, სადაც ადამიანები იღუპებიან, სადაც ტექნიკა ნადგურდება", - განმარტა სკიბიცკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსის შეიარაღებული ძალები არ არიან ისეთი გამოცდილი, როგორც რუსული, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიასა და მთიან ყარაბაღში.

მსგავსი სიახლეები