უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრი: ევროკავშირის წევრობის კითხვარის მეორე ნაწილს ამ კვირაში დავასრულებთ

უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა აცხადებს, რომ კიევი ევროკავშირის წევრობის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას ამ კვირაში დაასრულებს.

ბრიუსელისგან პასუხს უკვე ივნისში ველოდებით, განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ გამოცემა Euractiv-თან საუბარში.

უკრაინამ წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 10 დღეში, 18 აპრილს ჩააბარა.

კითხვარის პროცესის შემდეგ ევროკომისიამ უკრაინის წევრობის შესახებ დადებითი ან უარყოფითი რეკომენდაცია უნდა გამოსცეს.

სტეფანიშინას თქმით, გაწევრების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლას წინ არაფერი უდგას.

თუმცა კიევს ესმის, რომ წევრობისთვის დაჩქარებული გზა არ არსებობს, აცხადებს ევროინტეგრაციის მინისტრი.

ევროკავშირის ყველაზე ბოლო წევრს, ხორვატიას, ბლოკში მოსახვედრად ათი წელი დასჭირდა.

„ვაცნობიერებთ, რომ ეს გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია“, - ამბობს სტეფანიშინა.

სტეფანიშინამ 2008 წელს ნატოს მიერ საქართველოს და უკრაინის მიმართ დაშვებულ ‘შეცდომაზე“ ისაუბრა, როცა ორ ქვეყანას გაწევრების პროცესში ჩართვაზე (MAP) უარი უთხრეს.

 

მსგავსი სიახლეები