უკრაინის ომის გამო სტოლტენბერგი ნატოს გენმდივნად კიდევ ერთი წელი შეიძლება დარჩეს

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კიდევ ერთი წელი შეიძლება დარჩეს, წერს გამოცემა Financial Times-ი დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ნორვეგიელ პოლიტიკოსს უფლებამოსილება წელს, ოქტომბერში ეწურებოდა.

ალიანსის ლიდერის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მოკავშირეები უკრაინის ომის ფონზე რუსეთის მიერ შექმნილი რისკების გამო განიხილავენ.

სტოლტენბერგის თანამდებობაზე დამატებით ერთი წლით დატოვებას მხარს უჭერს აშშ, თუმცა გადაწყვეტილებას მიღებას ოცდაათივე წევრი ქვეყნის თანხმობა დასჭირდება.

ნატოს ქვეყნების სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში ტარდება. 

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის როლს 2014 წლიდან ასრულებს.

სტოლტენბერგმა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას „ამ ეპოქაში უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისი“ უწოდა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, სტოლტენბერგს ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველის თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

მსგავსი სიახლეები