უკრაინის საკითხზე სპეცწარმომადგენლად ტრამპმა გენერალი კიტ კელოგი დანიშნა
დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გენერალ-ლეიტენანტი, კიტ კელოგი დანიშნა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, საკუთარ სოციალურ ქსელზე (Thruth) განაცხადა.
კელოგის შესაძლო დანიშვნის შესახებ ოფიციალურ გამოცხადებამდე ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებდა.
კონტექსტი
კიტ კელოგი ტრამპის პირველი ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობდა.
ივნისში გამოცემა Reuters წერდა, რომ კელოგმა ფრედ ფრიცთან ერთად დონალდ ტრამპისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების გეგმა წარუდგინა.
გეგმის მიხედვით, უკრაინის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაწყებას დათანხმდება. იმ შემთხვევაში კი თუ მოლაპარაკებების დაწყებაზე რუსეთი იტყვის უარის გეგმის მიხედვით ამერიკა გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას.
კელოგისა და ფრიცის მიერ მომზადებული გეგმა ამ დრომდე დონალდ ტრამპთან ასოცირებული ყველაზე დეტალური გეგმაა, რომელიც ირწმუნება, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სწრაფადვე დაასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომს.
გეგმის მიღების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება და სავარაუდოა, რომ მას მოჰყვება წინააღმდეგობა როგორც ევროპელი პარტნიორებისგან, ასევე ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელებისგან.
კელოგისა და ფრიცის გეგმა გამოაქვეყნა ტრამპთან დაკავშირებული America first Policy Institute-მა, რომელიც კანდიდატისთვის რეფორმების დოკუმენტს ამზადებს.
კიტ კელოგის თქმით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საკვანძო იქნება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.
"ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინელებს თქვენ უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარება შეწყდება. ასევე, უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში უკრაინას მივცემთ ყველაფერს რაც საჭიროა რუსეთის არმიის გასანადგურებლად ბრძოლის ველზე",- ამბობს კელოგი.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დასათანხმებლად გეგმა ითვალისწინების უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გაყინვას განგრძობადი პერიოდით.
ფრედ ფრიცის თქმით, მათი გეგმის მიხედვით, უკრაინას არ მოუწევს ტერიტორიების ფორმალურად დათმობა, თუმცა დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნოს.
"ჩვენი მთავარი წუხილი ის არის, რომ კონფლიქტი გადაიზარდა გამოფიტვის ომში, რომელიც ახალგაზრდა კაცების მთელ თაობას გაანადგურებს" - ამბობს ფრიცი.
გეგმის ავტორების მტკიცებით, ხანგრძილივი მშვიდობისთვის აუცილებელი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ფრედ ფრიცის თქმით, ამ გარანტიების საკვანძო ელემენტი "უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა."