უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის სამხედრო ბანაკი აღმოაჩინეს

უკრაინის საზღვრიდან 250 კილომეტრის მოშორებით, ვორონეჟის ოლქში, რუსული არმიის სამხედრო ბანაკი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team [CIT] ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამია, მკვლევარებმა შეისწავლეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული პოსტები და დაასკვნეს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა მასლოვკისა და ტრესვიაცკაიას რკინიგზის სადგურებზე ჩამოიტვირთა, რომელიც ვორონეჟის რაიონში მდებარეობს. საგამოძიებო ჯგუფის ცნობით, ჩამოტვირთვის შემდეგ, სამხედრო ტექნიკა სამხრეთით, პოლიგონ პოგონოვოსკენ მიემართება. 

New York Times-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ტრიბერტმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომლებზეც პოლიგონზე დისლოცირებული ასობით სამხედრო ტექნიკა ჩანს. CIT-ის მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს ერთ-ერთი ადგილობრივის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელზეც სამხედრო ბანაკი და საველე ჰოსპიტალის ნაწილი ჩანს. 

CIT-ში ამბობენ, რომ სამხედრო ბანაკის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიებში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გაჩნდა, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო იყო ადგილზე დისლოცირებული ჯარისკაცების ქცევით. 

გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ რუსი სამხედროების კიდევ ერთი ნაწილი უკრაინის საზღვართან კიდევ უფრო ახლოსაა დისლოცირებული. ამ ცნობების მიხედვით, რუსი სამხედროების ნაწილი განლაგებულია ქალაქ ოსტროგოჟსკთან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. საგამოძიებო ჯგუფის მკვლევარები ამბობენ, რომ უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე რუსი სამხედროების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია 2015 წლის შემდეგ. 

"რუსეთის არმიის დისპოზიცია ვორონეჟის ოლქში უფრო მეტად თავდასხმით ხასიათს ატარებს, ვიდრე თავდაცვითს",- ამბობს CIT-ის მკვლევარი. 

ბოლო კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება სისტემატურად იძაბება, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. 

გუშინ 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს

გუშინვე, ცნობილი გახდა, სატელეფონო საუბარში ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა. 

უფრო მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

 

მსგავსი სიახლეები