უნგრეთის პოლიციამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით 11 პირი დააკავა

უნგრეთის პოლიციამ ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით 11 პირი დააკავა.

კოორდინირებულ ოპერაციაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 10 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა, 150-მა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა.

გასული წლის ნოემბერში ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გარკვეული ჯგუფის წევრები ე.წ. „სკვითური უნგრეთის“ შექმნასა და „თავისუფალი ეროვნული სამხედრო ჯარების“ ფორმირებაზე საუბრობდნენ. გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულმა ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წევრებს დააკავებდნენ.

უნგრეთის გამოძიების ეროვნულმა ბიურომ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილების მომზადების საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრა, რომლის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით რეიდების განხორციელება დაიწყო. პოლიციის მიერ ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიამფრქვევები, რეზინის ტყვიები და ა.შ. ასევე, ამოღებულია დოკუმენტები, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაცია „სკვითურ უნგრეთთან“, რომელიც უნგრეთის სახელმწიფოს არსებობას არ აღიარებს.

უნგრეთის გამოძიების ეროვნულმა ბიურომ აღმოაჩინა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის მიერ წევრებზე გაცემული საბუთები, მათ შორის პირადობის მოწმობები, რეგისტრაციის ნებართვები და დიპლომატიური იმუნიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მსგავსი სიახლეები