უოლცი ასახელებს პირობებს რა შემთხვევაში განიხილება უკრაინის დახმარების განბლოკვა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარების განბლოკვა დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზების წარმატებაზე. 

ამის შესახებ მაიკ უოლცმა Reuters-თან საუბარში განაცხადა. 

"ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებების გამართვას, ან ამ გზაზე წინ წაწევას, ან მაგიდაზე დავდებთ კონკრეტულ ზომებს, რომელიც პარტნიორებს შორის ნდობას გააძლიერებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი განიხილავს უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას"- ამბობს უოლცი. 

უოლცის თქმით, უკვე მიდის საუბრები სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზების შესახებ, რომლებიც ბოლოს მოუღებს გაჭიანურებულ ომს. 

"ჩვენ ვსაუბრობთ, ნდობის გაზრდაზე, კონკრეტულ ზომებზე, რომელსაც შემდეგ რუსებს გავუზიარებთ და გამოვცდით რამდენად რეალურია მათი სურვილი შეწყდეს ომი",- განაცხადა უოლცმა. 

კონტექსტი 

4 მარტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაც შეზღუდა. 

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Sky წერს. 

იმის შესახებ, რომ ამერიკამ უკრაინისთვის სადაზვერვო ცნობების გაზიარება შეზღუდა ცოტა ხნით ადრე დაწერა Financial Times-მა. გამოცემის ცნობით, ამერიკელები აღნიშნულ ცნობებს კვლავ უზიარებენ ბრიტანელებს, რომლებიც თავის მხრივ უკრაინულ მხარეს აწვდიან. 

მოგვიანებით, სადაზვერვო დახმარების შეჩერება დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურლმა სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა. CIA-ის დირექტორმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

Sky-ის წყაროები თანამშრომლობის შეჩერებას შერჩევითს უწოდებენ - "სამწუხაროდ ცნობები თანამშრომლობის შეჩერების შესაცებ ცნობები მართალია, თუმცა ჩვენ კვლავ ვიღებთ ინფორმაციას სელექტიურად."

ამავე წყაროს ცნობით, უკრაინა კვლავ იღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო არმიის სამიზნეების შესახებ. 

ამასთანავე, Bloomberg-ის წყარო კიევში ამბობს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ამერიკელებთან სადაზვერვო თანამშრომლობის შესახებ არაფერი იცის. 

Financial Times-ის უკრაინული წყაროების ცნობით, ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერების ეფექტი 2-3 თვის შემდეგ გამოჩნდა. დასავლური მედიების წყაროების უმეტესობის ცნობით, კიევი შეძლებს ამერიკული დახმარების გარეშე შეინარჩუნოს ბრძოლის არსებული ტემპი კიდევ 6 თვის განმავლობაში. 

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევრის, მაიკლ კოფმანის შეფასებით, ამერიკული დახმარების შეჩერებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე მყისიერი ეფექტი არ ექნება და ეს პირველ რიგში შორეული და მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელების პოტენციალზე აისახება. 

მსგავსი სიახლეები