WaPo: პუტინმა არასწორად შეაფასა თავისი შესაძლებლობები ტრამპთან მოლაპარაკაბებში

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და 7 ევროპელი ლიდერების შეხვედრა მკაფიო გახადა, რომ ვლადიმირ პუტინმა არასწორად შეაფასა თავისი შესაძლებლობები დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებში. 

State of Play: ამის შესახებ Washington Post მიმდინარე პროცესების შესახებ მიძღვნილ მოზრდილ მასალაში წერს - ავტორების შეფასებით, პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის ამერიკელი პრეზიდენტის სურვილთან მაქსიმალურად სწრაფად დაასრულოს ომი. 

  • მასალის ავტორები კეტრინ ბელტონი და რობინ დიქსონი არიან - მათი ცნობით, ალასკაში გამართული "პროდუქტიული" შეხვედრის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა ხელიდან გაუშვა მომგებიანი შეთანხმების შანსი და ასევე ვერ მოახერხა ტრამპთან პერსონალურად "თბილ ურთიერთობებზე სრულად კაპიტალიზება."

  • მიუხედავად ამისა, ავტორების შეფასებით, ტრამპთან გამართული მოლაპარაკებებით ვლადიმირ პუტინმა საჭირო დრო მოიგო - "მას სურს ბრძოლის ველზე არსებული უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენება, უკრაინული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა და ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მოსკოვის მიმართ "მეგობრულ" კიევს მიიღებს. 

Break It down: რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი გაზეთის წყაროს ცნობით, ალასკაში შეხვედრის ჩანიშვნამდე, "პუტინი გრძნობდა, რომ ის კრიზისულ ვითარებაში იყო და ტრამპთან დათმობა ჭირდებოდა" - სწორედ ამის შედეგი გახდა ანკორიჯის სამიტი. 

  • "მას სჭირდება ომის დასრულება, მაგრამ ეს უნდა გამოიყურებოდეს როგორც გამარჯვა"- ამბობს Washington Post-ის წყარო. 

  • მიუხედავად ამისა, პუტინმა ტრამპთან შეხვედრაზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და დაარწმუნა ამერიკელი პრეზიდენტი უარი ეთქვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნაზე და სანაცვლოდ დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადაეტანა ფოკუსი - ეს ბევრად უფრო ახლოსაა კრემლის პოზიციასთან. 

  • ანკორიჯის სამიტის წარმატებები ავტორების ცნობით, 18 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული მრავალმხრივი შეხვედრის შედეგებმა გადაფარა - "სამიტი პუტინის მრავალწლიანი სტრატეგიის მორიგი ჩავარდნაა, რომლის მიზანიც უკრაინაზე ექსკლუზიური გავლენის სფეროს დამყარება და შტატებისა და ევროპის გეოპოლიტიკური გაყრაა."

  • ვაშინგტონში გამართული სამიტის შედეგად ბურთი კვლავ ვლადიმირ პუტინის მოედანზე აღმოჩნდა, რამაც რუსი ე.წ. ტურბო და Z-პატრიოტების იმედგაცრუება გამოიწვია - ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტრამპი ზელენსკის "ხელს გადაუგრიხავდა."

Zoom In: "არ ვიცი კრემლში რას ფიქრობენ, მაგრამ თუ მიზანი ანკორიჯში ტრამპით მანიპულირება იყო, ვფიქრობ, მათ მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავეს"- ამბობს გამოცემასთან საუბარში რუსეთის მკვლევარი და ჯორჯ ბუშ უფროსის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი, თომას გრემი. 

  • "პუტინმა ვერ შეძლო ტრამპისთვის კონფლიქტის დარეგულირების მისეული ხედვა "ჩაენერგა"- ამის შესახებ რუსეთის მკლვევარი და ანალიტიკური ცენტრის R. Politik-ის დამფუძნებელი, ტატიანა სტანოვია წერს.

Zoom Out: ამ დროისთვის თეთრ სახლი ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სწრაფი ორმხრივი შეხვედრის მოლოდინშია, თუმცა მოსკოვისგან ამასთან დაკავშირებით არაოზრავონი და უარყოფითი სიგნალი მოდის. 

  • თეთრი სახლის პრესპიკერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტრამპს იმედი აქვს, რომ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს აგვისტოს ბოლომდე შეხვდებიან. 

  • ცოტა ხნით ადრე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუ, რომელშიც ამ უკანასკნელმა გაიმეორა კრემლის მანტრა, რომ "შეხვედრები უმაღლეს დონეზე სკურპულოზურ მომზადებას საჭიროებს"- კრემლი ამ ფრაზით პასუხობდა კითხვებს უკრაინელ პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გასულ თვეებშიც. 

  • ვლადიმირ პუტინის პოზიციაში გაცნობიერებული წყარო გაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა - "ეს უკრაინული პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნებოდა. შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობები უკვე შეთანხმებული იქნება, ჩვენი პირობა კი უკრაინის კაპიტულაციაა." 

Big Picture: კომენტატორების შეფასებით, რუსეთი ვერ ახერხებს საკუთარი გზავნილებისა და მოთხოვნების ვაშინგტონამდე მიტანას - "ალბათ რუსები გაკვირვებულები არიან, რომ ვერ გაგვაგებინეს თუ რისი მიღება სურთ და ასევე იმით, რომ შტატებისგან ვერ მიიღეს სასურველი"- ამბობს გამოცემასთან საუბარში კარნეგის ფონდის ექსპერტი, ნილ რეინოლდსი. 

  • ექსპერტების შეფასებით, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული იმდენად დამატებითი ტერიტორიების შესახებ არ არის, რამდენადაც მას ცივ ომში საბჭოთა კავშირის მარცხის განულება და ამგვარად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მის სასარგებლოდ გარდაქმა სურს. 

  • ამ კონტექსტში ავტორები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2021 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაზეც, რომელშიც პუტინი წერს, რომ რუსები და უკრაინელები სინამდვილეში "ერთი ერია" და რომ უკრაინა "ჭეშმარიტად სუვერენული" მხოლოდ რუსეთთან პარტნიორობის შემთხვევაში იქნება. 

Behind The Scenes: კომენტატორების შეფასებით, შესაძლოა ასეთივე "გაუგებრობას" ჰქონდა ადგილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც, რომელსაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ვლადიმირ პუტინი ალასკაში უკვე დათანხმდა. 

  • 2022 წელს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკებები სწორედ ამ საკითხზე წარმოქმნილმა უთანხმოებამ დაასრულა - წყაროების ცნობით, რუსეთს სურდა ჰქონოდა ვეტოს უფლება, თუ რომელი ქვეყნები, როგორ და რითი დაეხმარობოდნენ უკრაინას მასზე განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში. 

  • "პუტინისა და უიტკოფის მიერ გაგებული უსაფრთხოების გარანტიები სხვადასხვა რამაა"- ამბობს გაზეთთან საუბარში თომას გრემი. 

  • ამ შეხედულებას ამყარებს სერგეი ლავროვისა და დმიტრი მედვედევის დღევანდელი განცხადებები - ორივე მათგანი "კატეგორიულად მიუღებელს" უწოდებს ნატოს წევრი ქვეყნის ჯარების განლაგებას უკრაინაში. 

  • "შეხედულება, რომ რუსეთთან სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია აბსურდულია, ამას საუკეთესო შემთხვევაში თვეები დაჭირდება, თუ არა წლები"- ამბობს თომას გრემი. 

Сontext: ნილ რეინოლდსის შეფასებით კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ბრძოლის ველზე გაიმარჯვებენ - "სინამდვილეში მათ 2 თეორია აქვთ: დასავლეთს უკრაინის დახმარება მობეზრდება და გვერდზე გაიწევს, ან კიევში პოლიტიკური ცენტრი ჩამოიშლება. თუმცა არცერთი მათგანია მოსკოვის კონტროლქვეშ."

მსგავსი სიახლეები