WSJ: ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ჰამასის ლიდერების მოკვლას გეგმავს

ღაზის სექტორში ომის დასრულების შემდეგ ისრაელის სპეცსამსახურები ჰამასის ლიდერების მკვლელობას გეგმავენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, პრემიერ ნეთანიაჰუს ბრძანებით სპეცსამსახურებმა უკვე დაიწყეს გეგმის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს ჰამასის ლიდერების მკვლელობას თურქეთში, ლიბანში, ირანსა და კატარში, სადაც ორგანიზაციის პოლიტიკური ოფისი ფუნქციონირებს. 

ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციის კამპანია ისრაელის მრავალწლოვანი და უკვე ჰოლივუდური კინოს ლეგენდად ქცეული პროგრამის გაგრძელება იქნება. გასულ ათწლეულებში ისრაელს დაზვერვას რამდენიმე გახმაურებელი ოპერაცია უკავშირდება: 1970-იან წლებში მიუნხენის ტერაქტზე საპასუხოდ მოსადის დანაყოფებმა ბეირუთში რამდენიმე პალესტინელი ტერორისტი გაანადგურეს, 2010 წელს დუბაის ერთ-ერთი სასტუმროში მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, მაჰმუდ ალ-მაბჰუჰი, 2003 წელს მანქანაში ჩადებული ბომბის მეშვეობით სირიაში ააფეთქეს ჰეზბოლას ლიდერი, იმად მუგნიე, სულ ბოლო კი დისტანციურად მართული ტყვიამფრქვევის მეშვეობით თეირანის შემოგარენში ირანის ერთ-ერთი წამყვანი ბირთვული ფიზიკოსი. 

წლების განმავლობაში ისეთი ქვეყნები როგორიცაა კატარი, თურქეთი, რუსეთი, ლიბანი ჰამასის ლიდერებს შედარებით უსაფრთხო თავშესაფარს აძლევდნენ. დიპლომატიური სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, ისრაელის სპეცსამსახურები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე პალესტინელთა ლიკვიდაციისგან თავს იკავებდნენ. 

მსგავსი გეგმის შესახებ 22 ნოემბრის მიმართვაში ღიად განაცხადა ბიბი ნეთანიაჰუმაც - "მოსადს მივეცი ინსტრუქცია, რომ იმოქმედონ ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი."

იმავე დღეს თავის მიმართვაში თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა: "ჰამასის ლიდერები ნასესხები დროით ცხოვრობდნენ. მათ სიკვდილი დასდევს, მათაც ვინც ღაზაშია და მათაც ვინც კერძო თვითმფრინავებით დაფრინავს."

"ისრაელი უკვე მუშაობს ღაზაში მყოფი ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციასა და დაკავებაზე. ისრაელის მაღალჩინოსნები აღას მსჯელობენ მოკლან თუ არა ჰამასის ლიდერები, არამედ იმაზე თუ სად და როგორ",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

ორგანიზაციის პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციას ისრაელში ჰამასის სტრატეგიული დასუსტების და გაუნებელყოფის გეგმის ნაწილად განიხილავენ. ასევე მსჯელობა მიდის ღაზადან ჰამასის ათასობით დაბალი რანგის წევრის გასახლებაზე. 

წყაროს ცნობით, ჰამასის თავდასხმის შემდეგ მთავრობაში გაისმა მოწოდებები საზღვარგარეთ მცხოვრები ლიდერების ლიკვიდაციის პროგრამის დაუყოვნებელივად დაწყების შესახებ. მათ შორის საუბარია ჰამასის პოლიტბიუროს ყოფილ უფროსზე ხალედ მეშალზე, რომელიც ამჟამად დოჰაში ცხოვრობს. 

რამდენადაც ცნობილია ისრაელის სპეცსამსახურებს აქამდე კატარში გახმაურებული ოპერაცია არ ჰქონიათ - ამან შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მიმდინარე მოლაპარაკებებს მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლის მთავარი მედიატორი სწორედ დოჰაა. 

წყაროს ცნობით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით თავდაპირველი მწვავე რეაქცია შერბილდა, თუმცა დაგეგმვის პროცესი გრძელდება. 

ნეთანიაჰუს მოწოდებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციის შესახებ დებატები გამოიწვია ქვეყნის უსაფრთხოების ისტებლიშმენტში. 

მოსადის ყოფილი დირექტორის, ეფრაიმ ლევის თქმით, ლიდერების ლიკვიდაცია მცდარი გადაწყვეტილებაა, რამაც შესაძლოა მათი მიმდევრების უფრო მეტი რადიკალიზაცია განაპირობოს და დააჩქაროს კიდევ უფრო საშიში დაჯგუფების შექმნის პროცესი. 

"ჰამასის ლიდერების სისტემატური ლიკვიდაციის პროგრამის დაწყება შურისძიების სურვილია და არა სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზა",- ამბობს ლევი. 

განსხვავებული აზრი აქვს ისრაელის სამხედრო დაზვერვის (ამანის) ყოფილ უფროსს, ამოს იადლინს - მისი თქმით, ჰამასის ლიდერების განადგურებას სამართლიანობა მოითხოვს და "ეს ერთადერთი მართებული პოლიტიკაა."

კონტექსტი

მაღალი ალბათობით ისრაელს მსგავსი პროგრამების ყველაზე მდიდარი გამოცდილება აქვს - მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისრაელის სპეცსამსახურებმა სულ 2 700 მსგავსი ოპერაცია ჩაატარეს. 

ჯერ კიდევ ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებამდე მსგავს ოპერაციებს ატარებდნენ პარამილიტარული ებრაული დაჯგუფებები, მათ შორის ევროპელი დიპლომატების წინააღდეგ, რომლებიც ბრიტანული მანდატის ფარგლებში რეგიონში გავლენიან პოზიციებს იკავებდნენ. 

მსგავსი ოპერაციები ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. 

ხალედ მეშალის ჩაფლავებული ლიკვიდაცია - 1997 წელს თავის პრემიერობის პირველ ვადაში, ბიბი ნეთანიაჰუმ მოსადს იორდანიაში მცხოვრები ჰამასის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის, ხალედ მეშალის ლიკვიდაციის ნებართვა მისცა. 

მოსადის აგენტები, რომლებიც თავს კანადელ ტურისტებად ასაღებდნენ მეშალს ჰამასის პოლიტიკურ ოფისთან დაესხნენ თავს. მოსადის აგენტმა მეშალის ყურთან უცნობი მომწამვლელი ნივთიერები გააფრქვია, თუმცა მათი მოახლოება შენიშენს მეშალის დაცვის წევრებმა და მოსადის აგენტები ადგილზე შეიპყრეს. 

ხალედ მეშალი კომაში ჩავარდა, ხოლო იორდანია ისრაელთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებით დაიმუქრა. იმავე საღამოს აშშ-ს პრეზიდენტის, ბილ კლინტონის წნეხის ქვეშ ნეთანიაჰუმ მოსადის იმდროინდელ დირექტორი იორდანიაში ანტი-დოტით გაგზავნა. მეშალი გადარჩა, ხოლო დატყვევებული აგენტების სანაცვლოდ ისრაელი იძულებული გახდა ჰამასის სულიერი ლიდერი, შეიხ აჰმედ იასინი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. იასინთან ერთად ისრაელის ციხეებიდან 70 პალესტინელი გაუშვეს. 

მოგვიანებით მეშალმა მისი მოწამვლის შესახებ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაციის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ჰამასი. 

ამ წარუმატებლობის მიუხედავად ისრაელის კამპანია ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდა. 

მაჰმუდ აბუ-მაბჰუჰის ლიკვიდაცია - 2010 წელს ყალბი ევროპული პასპორტების მეშვეობით დუბაიში მოსადის სპეციალური ჯგუფი ჩავიდა. მათი სამიზნე დუბაიში მცხოვრები მაჰმუდ აბუ-მაბჰუჰი იყო, რომელიც ჰამასის შესყიდვების ფრთას ხელმძღვანელობდა. 

სათვალთვალო კამერებმა მოგვიანებით ჩოგბურთელების ფორმაში გადაცმული მოსადის თანამშრომლები დააფიქსირეს, რომლებიც მაბჰუჰის ოთახში შედიან. მაბჰუჰი სასტუმრო ოთახში დამხრჩვალი იპოვეს, ერთი შეხედვით ის ბუნებრივ გარემოებებში გარდაცვლილს ჰგავდა, თუმცა სამეფოს ძალოვანმა უწყებებმა შეძლეს მოსადის ჯგუფის კვალზე გასვლა. 

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას წლები დასჭირდა. 

ოპერაცია "ღვთის რისხვა" - ებრაული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ლიკვიდაციის პროგრამა საბოლოოდ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ტერაქტის შემდეგ დამკვიდრდა, რომლის დროსაც პალესტინური "შავი სექტემბრის" წევრებმა 11 ისრაელელი სპორტსმენი მოკლეს. 

პასუხად ისრაელის იმდროინდელმა პრემიერმა, გოლდა მეიერმა შეტევაში მონაწილე ტერორისტების ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია დაამტკიცა. 

ტერორისტებზე ნადირობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც პალესტინელები მოკლეს: საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსსა და ლიბანში. 

ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაში მონაწილეობდა ეჰუდ ბარაკი - იმ დროს ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის კაპიტანი და ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი. ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა ბარაკმა თანამებრძოლებთან ერთად ბეირუთის პორტის მახლობლად გამაგრებული 3 პალესტინელი ტერორისტი მოკლა.

სწორედ ამ ოპერაციის ფარგლებში მოხდა ისრაელის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჩავარდნაც - 1973 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში, მოსადის აგენტებმა შეცდომებით მაროკოელი მიმტანი მოკლეს, რომელიც "შავი სექტემბრის" ერთ-ერთი ლიდერში ალი ჰასან სალამეში აერიათ.

მსგავსი სიახლეები