ყარაბაღში ცისტერნის აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, შესაძლოა რიცხვი გაიზარდოს

ყარაბაღში საწვავის ცისტერნის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 25 სექტემბერს, ასკერანი-სტეპანაკერტის დამაკავშირებელი მაგისტრალის მახლობლად საწვავის საწყობზე მოხდა. 

ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ ყარაბაღის ე.წ. მთავრობის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, უწყებაში ამბობენ, რომ მაღალი ალბათობთ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. 

"სამედიცინო ცენტრებში, სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით სულ 290 ადამიანია გადაყვანილი. 7 მოქალაქე საავამდყოფოში გარდაიცვალა, 13 დაღუპულის ცხედრების ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ათეულობით ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კონტექსტი 

რეგიონიდან ეთნიკური სომხების მასშტაბური და იძულებითი გასვლის გამო, რეგიონში საწვავის დეფიციტია - არსებული ცნობებით სწორედ საწვავის რიგში იდგა ათეულობით მოქალაქე, რა დროსაც აფეთქება მოხდა. 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

უკვე 20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

მსგავსი სიახლეები