Z-ბლოგერები: ЗСУ-მ გლუშკოვოს რაიონში მესამე ხიდი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის, გლუშკოვოს რაიონში მესამე ხიდი გაანადგურა - ეს რაიონში ჩარჩენილი რუსული დანაყოფების მომარაგების ბოლო არტერია იყო. სხვა 2 ხიდი უკრაინულებმა 16 და 18 აგვისტოს გაანადგურეს. 

გლუშკოვოს რაიონის სოფელ კირჟში ЗСУ-ს მიერ ბოლო დარჩენილი ხიდის განადგურების შესახებ პირველი ცნობები Z-ბლოგერმა, ვლადიმირ რომანოვმა გაავრცელა. მოგვიანებით ხიდის განადგურების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადუსტეს პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხმა, Readovka-მ და ბლოგერმა, იური პოდოლიაკამ. 

ხიდების განადგურება მდინარე სეიმის დასავლეთ ნაპირზე განლაგებულ რუსული დანაყოფების მომარაგებას მკვეთრად ართულებს და მათ ოპერატიული ალყის საფრთხის წინაშე აყენებს. რუსული წყაროების ცნობით, ჯამურად ამ რაიონში 2500 ჯარისკაცია განლაგებული. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული იქნება ჯარები სეიმის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაიყვანოს, რის შედეგადაც კურსკის ოლქში უკრაინის შეირაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა 700 კვადრატული კილომეტრით გაიზრდება. 

საყურადღებოა, რომ ჯერჯერობით არ გავრცელებულა განადგურებული ხიდის ამსახველი ვიდეო მასალა. ტელეგრამ არხებზე მალევე გავრცელდა დანგრეული ხიდის ფოტო, თუმცა მასალის ვერიფაკაციის შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე სხვა ხიდია ასახული. 

სავარაუდოა, რომ ამ დროისთვის გლუშკოვოდან მოსახლეობის ევაკუაცია და ჯარების მომარაგება პონტონური გადასასვლელების მეშვეობით მიმდინარეობს. ამაზე მეტყველებს Planet Labs-ის სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ერთ-ერთი განადგურებული ხიდიდან 2 კილომეტრის დაშორებით გადებული დროებითი გადასასვლელი ჩანს. 

მსგავსი სიახლეები