ზელენსკი: ბახმუტის ჩაბარებას არავინ აპირებს, ვიბრძოლებთ სანამ შეგვიძლია
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დატოვებას არ აპირებენ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბახმუტის ჩაბარებას არავინ აპირებს, ვიბრძოლებთ სანამ შეგვიძლია",- თქვა ზელენსკიმ.
კონტექსტი
უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, მარგო გროსბერგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბახმუტის დაცვით უკრაინელმა მებრძოლებმა თავდაცვის ახალი ზღუდეების დასაორგანიზებლად დამატებითი დრო მოიგეს და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ქალაქს დატოვებენ.
მცირე სტრატეგიული ღირებულების მიუხედავად, ბახმუტთან განვითარებული უმძიმესი ბრძოლების ფონზე ქალაქმა ორივე მხარისთვის დიდი სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინელ კოლეგებს ბახმუტიდან ფოკუსის გადატანას ურჩევენ.
მათი აზრით, უკრაინისთვის უფრო მნიშვნელოვანია იერიშის მომზადებაზე მუშაობის დაწყება. ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ბახმუტში დრო რუსების მხარეს მუშაობს იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ უპირატესობა როგორც საარტილერიო ცეცხლში, ასევე ცოცხალ ძალაშიც.
ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, ბახმუტის დაკავება სტრატეგიულ სურათს ვერ შეცვლის.
წყაროების ცნობით, ამერიკული მხარე კიევს ურჩევს რესურსების დაზოგვის მიზნით ბახმუტიდან ძალები გაიყვანოს და ეს ძალები აშშ-ს მიერ ინიცირებულ წვრთნის პროგრამებში ჩართოს. აშშ-ს შეცვლილი კონცეფცია უფრო კარგად გაწვრთნილი და მძიმედ შეიარაღებული ნაწილების ფორმირებას გულისხმობს, რომელსაც იერიშის პოტენციალი ექნება.
მათი აზრით, უკრაინელებმა კარგად უნდა გათვალონ რისკები - თუ რამდენად უღირთ ბახმუტის შენარჩუნება, სტრატეგიული მიზნის კომპრომეტირების რისკის სანაცვლოდ. ამერიკელების აზრით, უკრაინელებს ორივე ამოცანის შესასრულებლად ძალები არ ეყოფათ.
უფრო მეტი ბახმუტში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს პოდკასტში არასაფრენი ზონა.