ზელენსკი: დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა. ლიდერებმა კოპენჰაგენის მიერ კიევისთვის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე (ყოფილი Twitter) წერს.
რამდენიმე დასავლური ქვეყანა გაერთიანდა "გამანადგურებელთა კოალიციაში," რომელსაც დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ, რათა კიევს თანამედროვე ავიაცია მიაწოდონ, ასევე მოამზადონ პილოტები და დამხმარე პერსონალი.
"შეხვედრისას ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა დანიური F-16-ების გადაცემის მომზადების პროგრესი, რომელიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა," - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ქვეყნების ლიდერებმა ისაუბრეს მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებაზე და ივნისში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე.
"მადლიერი ვარ მეტე ფრედერიკსენის მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და დანიის აქტიური დახმარებისთვის, გლობალური სამხრეთის ქვეყნების მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში ჩართვაში," - განაცხადა ზელენსკიმ.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნიდან პირველი F-16-ის გამანადგურებლები უკრაინას ამ ზაფხულს გადაეცემა - დანიური თვითმფრინავების მიწოდების დაწყებისთანავე.
ბრიტანული გაზეთი Evening Standard 10 მაისს, "მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე" დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინა პირველ F-16-ებს "რამდენიმე კვირაში" მიიღებდა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს დანიის მიწოდებული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.