ხელი მოეწერა პარიზის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას გარანტიებს ეხება
საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების გარანტიების დეკლარაციას, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად ქვეყანაში მრავალეროვნული სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის განლაგებას გულისხმობს.
ვითარების არსი: ამის შესახებ პარიზში, ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ გამოაცხადეს.
- დეკლარაციის პროექტი სხვა პუნქტებთან ერთად მოიცავს საფრანგეთის და ბრიტანეთის ვალდებულებას დაეხმარონ უკრაინას რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში.
ჩაშლილად: პარიზის დეკლარაცია სულ 5 პუნქტისგან შედგება, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:
მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის განლაგება უკრაინაში, რომელიც ჩამოყალიბდება მსურველთა კოალიციის წევრი სახელმწიფოების სამხედროებით და რომლის მთავარი მიზანის უკრაინული არმიის აღდგენა და რუსეთის შეკავება იქნება.
- "დასრულებულია კოორდინირებული სამხედრო დაგეგმვის პროცესი, რომლის მიზანიცაა მოვემზადოთ უკრაინის დასაზღვევად ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღსადგენად"- ნათქვამია დოკუმენტში.
- ამასთანავე, დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული სამხედრო კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გაიგზავნება და რომ მათ მხარდაჭერას გაუწევს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
ხელმომწერი ქვეყნები იურიდიულად ვალდებულები არიან რუსეთის განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში მხარი დაუჭირონ უკრაინას და იმუშავონ მშვიდობის აღსადგენად.
- დეკლარაციის მიხედვით, ამგვარი მხარდაჭერა შესაძლოა მოიცავდეს "სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე სადაზვერვო, ლოჯისტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებას."
- დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი ქვეყნები უახლოეს მომავალში სრულად შეათანხმებენ ამ პუნქტებს და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გაგრძელება დეკლარაციის ერთ-ერთი პირველი პუნქტია, რომელიც რუსეთის განმეორებითი თავდასხმის პრევენციის "მოწინავე ხაზი უნდა იყოს."
- პუნქტი მოიცავს უკრაინული არმიის დაფინანსების გაგრძელებას, შეიარაღების გადაცემას და დახმარებას საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაში.
გრძელვადიანი სამხედრო თანამშრომლობის ვალდებულების პუნქტი ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ასევე ერთობლივი სამხედრო წარმოებების ორგანიზებას და მჭიდრო თანამშრომლობას დაზვერვის სფეროში.
ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და კონტროლის ორგანიზაციას პარიზის დეკლარაციის მიხედვით შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს.
- პუნქტი, ასევე ითვალისწინებს სპეციალური კომისიის შექმნას, რომლის მთავარი ფუნქციაც იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამრღვევების გამოვლენა და ასეთ ინციდენტებზე რეაგირება.