ზელენსკი ისრაელის ქნესეთის წევრებს შეხვდა

21 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ისრაელის ქნესეთის დეპუტატებს, იული ედელშტეინს და ზეევ ელკინს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ Twitter-ზე განაცხადა.

"ისრაელი და უკრაინა შეინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებზე", - წერს ბროდსკი.

მან შეხვედრის მონაწილეების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ზელენსკისა და ქნესეთის დეპუტატების გარდა, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც მონაწილეობდა.

ისრაელის პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კიევში 20 თებერვალს ჩავიდა. დეპუტატები ბუჩას ესტუმრნენ, ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდნენ.

ედელშტეინიც და ელკინიც უკრაინის ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირში არიან დაბადებული. წარსულში, ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერობისას ისინი სხვადასხვა სამინისტროებს ხელმძღვანელობდნენ.

ზეევ ელკინი ჯერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შემდგომში კი ნაფტალი ბენეტის პრემიერობისას, პუტინთან ისრაელის ლიდერების შეხვედრებისას, თარჯიმანის ფუნქციასაც ასრულდებდა.

მსგავსი სიახლეები