ზელენსკი კიევში Fox News-ის ხელმძღვანელს ლაკლენ მერდოკს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მედია კორპორაციის News Corp-ისა და Fox News-ის ხელმძღვანელს, ლაკლენ მერდოკს შეხვდა. 

ლაკლენ მერდოკმა კორპორაციის ხელმძღვანელის პოსტზე მამა, რუპერტ მერდოკი გასულ კვირას ჩაანაცვლა. ზელენსკისა და მერდოკის შეხვედრა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ რესპუბლიკურად განწყობილი ამერიკელების მთავარი საინფორმაციო წყარო სწორედ Fox News-ია. 

მერდოკთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბენ ჰოლი Fox News-დან და ჯერომ სტარკი The Sun-იდან. ბენ ჰოლი გასულ წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას კონფლიქტის ზონაში რუსეთის არმიის დაბომბვის დროს მძიმედ დაიჭრა. წყაროს ცნობით, 21 ნოემბერს Fox News-ზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ გავა. 

სავარაუდოა, რომ ეს არ ყოფილა ზელენსკისა და ლაკლენ მერდოკის პირველი საუბარი, წყაროების ცნობით მათი პირველი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გასული წლის მარტში შედგა. 

 

 

მსგავსი სიახლეები