ზელენსკი: მთელი უკრაინა უნდა გახდეს ერთი დიდი "უძლევლობის წერტილი"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 დეკემბერს, საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინელებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა არტილერიაში, უკრაინას კი აქვს ის, რაც ოკუპანტებს არ აქვთ და არ ექნებათ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ზამთარი რთული იქნება, თუმცა, მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე უკრაინელებს გამარჯვებასთან აახლოებს.
"მტერს ნამდვილად აქვს იმედი, რომ გამოიყენებს ზამთარს ჩვენს წინააღმდეგ: ზამთრის სიცივე და სირთულეები მისი ტერორის ნაწილად აქციოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავურჩეთ ამ ზამთარს, რაც არ უნდა რთული იყოს. გადავრჩით - და ჩვენ გადავრჩებით. ამ ზამთარში გადარჩენა არის ყველაფრის დაცვა. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უპირატესობა არტილერიაში. დიახ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც ოკუპანტებს არ აქვთ და არ ექნებათ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახლს და ეს გვაძლევს მაქსიმალურ მოტივაციას. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ჩვენს ძალას. ჩვენ ვიცავთ სიმართლეს და ეს აერთიანებს მთელ მსოფლიოს უკრაინის გარშემო", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან უკრაინელებს მოუწოდა კიდევ უფრო დაეხმარონ ერთმანეთს და იზრუნონ ერთმანეთზე.
"გთხოვთ, ნუ იკითხავთ როგორ დაეხმაროთ. უბრალოდ დაეხმარეთ, როცა ხედავთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ. ზამთრის გადასატანად, ჩვენ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო გამძლე და კიდევ უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე. არავითარი შიდა კონფლიქტები და ჩხუბი არ უნდა იყოს დაშვებული, რომელსაც შეუძლია ყველა დაგვასუსტოს, თუნდაც ვინმემ იფიქროს, რომ ეს რაღაცნაირად გააძლიერებს პირადად მას... მთელი უკრაინა უნდა გახდეს ერთი დიდი "ურღვევობის წერტილი" და იმუშაოს ყოველდღე, იმუშაოს ყოველ ღამე. სახელმწიფო, ბიზნესი, ხალხი - ყველა ჩვენ, უკრაინელები, ყველა ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ პოზიციებს, მათ შორის ურთულეს რაიონებში და სახელმწიფოსა და ხალხის მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთონ თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.