ზელენსკი პრიგოჟინის ამბოხზე: ყველა ვინც ბოროტებას ირჩევს, თავს ინადგურებს

უკრაინის პრეზიდენტი პირველად გამოეხმაურა რუსეთში ევგენი პრიგიჟონის მიერ გამოცხადებულ შეიარაღებულ ამბოხს. 

"ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდით ნიღბავდა სისუსტეებს და თავისი მმართველობის სისულელეებს. დღეს კი იმხელა ქაოსია, რომ მხოლოდ ტყუილით ვეღარ დამალავ. ეს ყველაფერი ერთი ადამიანია, რომელიც ხალხს ისევ და ისევ 1917 წლით აშინებს, მაგრამ მისი მმართველობა რუსეთს სხვა ვერაფერთან მიიყვანს. რუსეთის სისუსტე თვალსაჩინოა. სრულმასშტაბიანი სისუსტე. რაც უფრო დიდ ხანს გააჩერებს რუსეთი საკუთარ ჯარებს და მოქირავნეებს ჩვენს მიწაზე, მით უფრო მეტ ტკივილს, ქაოსს და პრობლემას მიიღებს",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მსგავსი სიახლეები