ზელენსკი: რუსეთი ღია გაზის ომს აწარმოებს ერთიანი ევროპის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში რუსეთის ქმედებები გაზის ბაზარზე ევროპისთვის გამოცხადებულ ომს შეადარა. 

"დღეს ჩვენ დავინახეთ ევროპის მიმართ გაზის შანტაში, მიუხედავად იმისა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადის" ტურბინასთან დაკავშირებით დათმობები იყო, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების განახლებას, რისი ვალდებულებაც აქვს მას კონტრაქტებით. ამ ყველაფერს რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს ზამთრისთვის მომზადება გაუჭირდეთ. და ეს არის ღია გაზის ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ერთიანი ევროპის წინააღმდეგ - ასე უნდა იქნას აღქმული", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას "არ აინტერესებს რა ბედი ეწევათ ადამიანებს და რა დააზარალებთ მათ - შიმშილი პორტების გადაკეტვის გამო, თუ ზამთრის სიციე და სიღარიბე, თუ ოკუპაცია".

"ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმაა. და ამიტომ, თქვენ გჭირდებათ საპასუხო დარტყმა. ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ დააბრუნოთ რაიმე სახის ტურბინას, არამედ გაამკაცრეთ სანქციები. გააკეთეთ ყველაფერი, რომ შეზღუდოთ რუსეთის შემოსავლები არა მხოლოდ გაზიდან და ნავთობიდან, არამედ ზოგადად, ნებისმიერი ექსპორტისგან. საჭიროა რუსეთთან სავაჭრო კავშირების მაქსიმალურად გაწყვეტა, რადგან ყოველი ასეთი კავშირი რუსეთზე ზეწოლის პოტენციური საშუალებაა", - განმარტა ზელენსკიმ.

მას მიაჩნია, რომ "ევროპის გაზით შანტაჟი, რომელიც მხოლოდ ყოველთვიურად მძაფრდება, ტერორისტულ სახელმწიფოს სჭირდება, რათა ყველა ევროპელს ცხოვრება გაუუარესოს".

"ეს მართლაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც სტიმული, რომ ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი ბევრად უფრო წონიანი იყოს, ვიდრე ახლახან დამტკიცებული მეშვიდე", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

25 ივლისს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზპრომი აპირებს შეაჩეროს Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა "ჩრდილოეთ ნაკად 1-ზე", ხოლო 27 ივლისს 07:00 საათიდან გაზსადენში გაიაროს არაუმეტეს 33 მილიონი მ³-მა დღეში (ამჟამინდელი მაქსიმუმი 67 მილიონი მ³-ია). ამგვარად, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში გაზსადენის მეშვეობით მცირდება "ჩრდილოეთ ნაკადის" სიმძლავრის 20%-მდე, ნათქვამია რუსული მედიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები