ჟოზეპ ბორელი: კანდიდატის სტატუსისთვის თქვენ უნდა შეასრულოთ პირობები
"არასდროს იფიქროთ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს", - თქვა მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ჟოზეპ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტითაა ჩამოსული საქართველოში.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ შესაბამისი პირობები უნდა შეასრულოს:
"ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ პირობები. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი", - თქვა ჟოზეპ ბორელმა.
"ქართველებს ყველაზე მეტად უსამართლობა არ გვიყვარს"
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ირაკლი ღარიბაშვილი არ დაეთანხმა.
მისი თქმით, შარშან მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი "ავანსად" მიიღეს, "ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია".
აღსანიშნავია, რომ შარშან ევროკავშირს არცერთი ქვეყნისთვის გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები.
12 რეკომენდაცია ევროკომისიამ საქართველოსთვის მას შემდეგ გასცა, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი, ეს "პოლიტიკური გადაწყვეტილება" იყო:
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული. მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ", - თქვა მან და დასძინა, რომ " ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს უსამართლობა" და საქართველოს მთავრობა სამართლიან მოპყრობას ითხოვს.
"მეორე ფრონტი"