-

10 წლის წინ - 2011 წლის 1 მაისის დილას, ამერიკელების უმეტესობას არაფერი ჰქონდა გაგონილი ქალაქ აბოტაბადზე. იმავე საღამოს ჩრდილოეთ პაკისტანში მდებარე საშუალო ზომის მტვრიანი ქალაქი მსოფლიოს მთავარი ამბის ეპიცენტრი გახდა - ამ დღეს ამერიკელი საზღვაო ქვეითების რაზმი ორი ვერტმფრენით ქალაქ აბოტაბადში ბინ ლადენის საიდუმლო სამალავში ჩაფრინდა. 2011 წლის 2 მაისს, ამერიკელმა სამხედროებმა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს. 

10 წლის წინ განხორციელებული სპეცოპერაცია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მკაცრად შენახული საიდუმლოა - უკიდურესად სენსიტიური, პოლიტიკური დაბრკოლებებით აღსავსე და ფიზიკურად სარისკო  მისია, საერთაშორისო ძალადობისა და ტერორის მთავარი სიმბოლოს გასანეიტრალებლად მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას გულისხმობდა. 

ძებნა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები

 

ოსამა ბინ ლადენი, ავღანეთი 1996 წელი

ოსამა ბინ ლადენზე ძებნა აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ბინ ლადენის მიერ დაარსებულმა ალ ქაიდამ  ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პარკინგზე ტერაქტი მოაწყო. ალ ქაიდა იდგა აშშ-ის საელჩოზე განხორციელებული შეტევების უკან კენიასა და ტანზანიაშიც. 

ნაირობიში და დარ ეს-სალამში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფლის პოვნა და მისი განეიტრალება იყო. ამ დროისთვის ამერიკელებისთვის ნათელი გახდა, რომ ალ ქაიდა და ბინ ლადენი პერსონალურად აშშ-ისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენდა. ბინ ლადენის პოვნის მიზნით ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში [CIA] ოპერატიული თანამშრომლებით და ანალიტიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც Alec station ეწოდებოდა.

აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ტერაქტის შემდეგ, ნაირობი, კენია.

ჯგუფი აგროვებდა ოპერატიულ და სადაზვერვო ინფორმაციას ბინ ლადენის შესაძლო ადგილოსამყოფლის შესახებ, ეძებდა მასთან დაახლოებულ პირებს და ცდილობდა ბინ ლადენის კვალზე გასვლას, დანაყოფში უმეტესად ქალები მუშაობდნენ.  მას შემდეგ, რაც 1996 წელს ბინ ლადენი სუდანიდან ავღანეთში დაბრუნდა CIA-იმ ტერორისტის კვალი დაკარგა. 

ცხადია, ოსამა ბინ ლადენის პოვნა და გაუვნებელყოფა აშშ-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 3 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. კაცობრიობის ისტორიაში უმსხვილესი ტერაქტის უკან სწორედ ოსამა ბინ ლადენი და ალ-ქაიდა იდგა. ტერაქტებიდან მალევე აშშ-მა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ავღანეთში სპეცოპერაცია დაიწყო.

"მე მესმის თქვენი ხმა, დანარჩენ მსოფლიოს ესმის თქვენი ხმა და ადამიანები, რომლებმაც ეს შენობები წააქციეს მალე გაიგონებენ ჩვენ ხმას",- ჯორჯ ბუშის სიტყვა აფეთქების ადგილას.

ავღანეთს ამ დროისთვის თალიბანი აკონტროლებდა, რომლებსაც ახლო კავშირი ჰქონდათ ალ-ქაიდასთან და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ოსამა ბინ ლადენისთვის ავღანეთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო, ალ-ქაიდა ადგილზე ფლობდა ტერორისტების საწვრთნელ ბანაკებს და დაბრკოლების გარეშე ამზადებდა ტერაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. 

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია თალიბანის მმართველობის დასასრულის გარდა, ქვეყანაში მყოფი ტერორისტული ქსელის განადგურებას ნიშნავდა. ტერორისტებისთვის ავღანეთის დატოვება სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა, ცხადია გამონაკლისი არ ყოფილა ოსამა ბინ ლადენიც, რომელიც ამერიკელების ნომერ პირველი სამიზნე იყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე, 2001 წლის დეკემბერში დასკვნით ფაზაში შევიდა ბინ ლადენის ძებნის სპეცოპერაციაც. 

მოქმედების ეპიცენტრი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია გახდა. სწორედ აქ მდებარეობდა ტორა-ბორას გამოქვაბულების ქსელი, რომელსაც ბინ ლადენი და მისი გარემოცვა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან ომის დროიდან კარგად იცნობდა. საბჭოთა არმიასთან საბრძოლველად და ჩასაფრებისთვის მოჯაჰიდები სწორედ ტორა-ბორას გამოქვაბულებს და გვირაბებს იყენებდნენ. აშშ-ის ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაციით, ქაბულიდან გაქცევის შემდეგ, ბინ ლადენი რამდენიმე დღით ჯალალაბადში გაჩერდა, ხოლო შემდეგ სწორედ ტორა-ბორასკენ გაემართა. 

ტორა-ბორას გამოქვაბულებში კოალიციური ჯარების სპეციალური დანაყოფები მუშაობდნენ. გამოქვაბულებში კოალიციური სპეციალური დანიშნულების მცირე რაზმის გამოჩენას ბინ ლადენის ერთგული 900-მდე მებრძოლებისგან შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვა. ასე დაიწყო ტორა-ბორას ბრძოლა. 

ტერორისტების დიდი რიცხვის გათვალისწინებით ამერიკელმა სამხედროებმა ბაზისგან საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს. საჰაერო დაბომბვები მომდევნო 56 საათის განმავლობაში არცერთი წუთით არ შეჩერებულა.

"თითოეული ჩვენგანი ბრძოლაში ჩართვას ცდილობდა, რადგანაც ვიცოდით, რომ ბინ ლადენი იქ იყო. ჩვენ იმდენი ბომბი ჩამოვაგდეთ ადგილზე, რომ ლანდშაფტი შეიცვალა, ადგილის რუკა დღეს რადიკალურად განსხვავებულია",- ამბობს სპეცოპერაციის მონაწილე ერთ-ერთი ჯარისკაცი. 

ტორა-ბორას გამოქვებულები ამერიკული დაბომბვების დროს.

რეალურად ადგილზე სულ 100-მდე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იმყოფებოდა. ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის სიმცირე პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილება იყო. აშშ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სურდა მინიმუმამდე დაეყვანა ცოცხალი ძალის რაოდენობა და ამით რადიკალურად შეემცირებინა შესაძლო მსხვერპლის რაოდენობა. დასაბალანსებლად ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ ადგილობრივი მოჯაჰიდები, რომლებიც გაცილებით უფრო კარგად იცნობდნენ ტორა-ბორას სპეციფიკას.

ერთ-ერთი რეიდის შემდეგ, ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლულ ტერორისტს ალ-ქაიდას საიდუმლო რადიო აღმოუჩინეს, რომელსაც ტერორისტები კავშირის დასამყარებლად იყენებდნენ. ამან ამერიკელ ჯარისკაცების დიდი უპირატესობა მისცა, ისინი წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას ტერორისტების ადგილსამყოფლის და გეგმების შესახებ. რადიოში მებრძოლები ხშირად საუბრობდნენ "შეიხზე" სწორედ ასე უწოდებდნენ მებრძოლები ოსამა ბინ ლადენს. ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე შეტყობინებაში ბინ ლადენის ხმაც ამოიცნეს. შეიქმნა მოლოდინი, რომ ტორა-ბორა ბინ ლადენის აღსასრულის ადგილი იქნებოდა.  

რადიოში დაჭერილი შეტყობინებებით, ნათელი გახდა, რომ ბინ ლადენი კუთხეში იყო მომწყვდეული და თავისი უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებოდა. გარკვეულ მომენტში ამერიკელ სამხედროებს ბინ ლადენისგან 1.5 კილომეტრი აშორებდათ. ამ ფონზე ადგილზე მყოფი სამხედროები მზად იყვნენ სპეცოპერაცია დაესრულებინათ. პარალელურად, ამავე დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ ბინ ლადენი დანებებაზე ფიქრობდა. სამხედროების მზაობის მიუხედავად, ოპერაციის გადამწყვეტი ფაზა ამერიკულმა ხელმძღვანელობამ ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო გადაწია. მიუხედავად ამისა, საჰაერო დაბომბვები განუწყვეტლივ გრძელდებოდა

11 დეკემბერს ბინ ლადენი უკვე სიკვდილისთვის ემზადებოდა და მისი უკანასკნელი სურვილების წერილიც დაწერა, რომელშიც მის ცოლებს სთხოვდა აღარ გათხოვილიყვნენ და შვილებზე ეზრუნათ. სწორედ ამ დროს გავრცელდა ცნობები, რომ განუწყვეტლივი დაბომბვების ფონზე დანებება გადაწყვიტა ბინ ლადენის უახლოესმა გარემოცვამაც. ეს ინფორმაცია ამერიკელებს ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფის ლიდერმა, ზამან ღამშარიკმა მიაწოდა. ღამშარიკი ამერიკელების დამხმარე მოჯაჰიდების ორი ჯგუფიდან ერთ-ერთის ლიდერი იყო. 

ღამშარიკმა ამერიკელებს ალ-ქაიდას მეომრებისთვის დანებებისთვის გარკვეული დროის მიცემა და ცეცხლის დროებით შეწყვეტა მოსთხოვა. ადგილობრივი მოჯაჰიდების ერთგულების მიმართ ამერიკელებს კითხვები მანამდეც ჰქონდათ. დაღამებისთანავე მოჯაჰიდები ტოვებდნენ ტორა-ბორას ტერიტორიას და სახლში მიდიოდნენ, მარტივად, რომ ვთქვათ ამერიკელებსა და ავღანელ მოჯაჰიდებს შორის ნდობა არ არსებობდა. შესაბამისად ოპერაციის ხელმძღვანელმა არ დააკმაყოფილა ღამშარიკის თხოვნა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა საჰაერო შეტევები ერთი ღამით შეწყდა. 

დათქმულ დროს, როდესაც ღამშარიკის თქმით ალ-ქაიდას მებრძოლები დასანებებლად უნდა გამოცხადებულიყვნენ, არავინ გამოჩნდა. ამ მონაკვეთში ავღანეთი ალ-ქაიდას 700-მდე მებრძოლმა დატოვა, თუმცა არა ბინ ლადენმა. ჩავარდნილი შეთანხმების შემდეგ, სპეცოპერაციის ხელმძღვანელებმა განაახლეს დაბომბვა და ბინ ლადენის ასაყვანად ვაშინგტონისგან დამატებითი ძალების გამოყოფა ითხოვეს. გეგმის მიხედვით, დაბომბვები მომდევნო დღეებშიც უნდა გაგრძელებულიყო, რითაც ჩაიხერგებოდა ერთადერთი გასაქცევი გზა პაკისტანისკენ, ხოლო სპეცრაზმი პარალელურად ბინ ლადენის დევნას გააგრძელებდა. 

ჰენრი კრამპტონმა, რომელიც სპეცოპერაციის მეთაური იყო, თავის უშუალო ხელმძღვანელობას დამატებით 1 000 საზღვაო ქვეითის გამოყოფა სთხოვა, რომლებიც ავღანეთშივე, ქალაქ ყანდაღარში იყვნენ დისლოცირებულები. აშშ-ის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კრამპტონს უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას დიდი დრო დაჭირდებოდა. ცენტრიდან მიღებული უარის შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა როგორც იქნა დაითანხმეს მოჯაჰიდების ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ღამის რეიდზე. 

ოსამა ბინ ლადენი თავისი უცვლელი კალაშნიკოვის ავტომატით. ტორა-ბორა 1996 წლის დეკემბერი.

მომდევნო დღეებში ამერიკული სპეცრაზმმა და ავღანელმა მოჯაჰედებმა განაგრძეს რეიდები ტორა-ბორას გამოქვაბულში, თუმცა წინააღმდეგობა ძალიან შესუსტებული იყო. უკვე 17 დეკემბერს ამერიკელების დამხმარე მოჯაჰიდების ლიდერმა გამარჯვება გამოაცხადა. 2 დღის შემდეგ ტორა-ბორა დატოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმაც, იმ იმედით, რომ მომდევნო დღეებში ვინმე ბინ ლადენის ცხედარს იპოვიდა, მაგრამ ეს არ მოხდა. 

ბინ ლადენი ტორა-ბორას გვირაბებში არ მომკვდარა. როგორც მოგვიანებით აშშ-ის დაზვერვამ გაარკვია, ბინ ლადენმა და მისი გარემოცვის უახლოესმა წევრებმა ავღანეთი 16 დეკემბერს დატოვეს. არსებული ინფორმაციით, ბინ ლადენი პაკისტანში ცხენის მეშვეობით და ადგილობრივი ტომების დახმარებით გადავიდა, რომლებიც წინასწარ ჰყავდა მოსყიდული. ამგვარად აშშ-მა ხელიდან გაუშვა ბინ ლადენის აყვანის შესაძლებლობა. როგორც მოგვიანებით გაირკვევა, ტორა-ბორა ბინ ლადენის გაუვნებელყოფის ყველაზე კარგი შანსი იყო, რომლის მსგავსიც ამერიკელების კიდევ 10 წელი არ ექნებათ. 

ნადირობა ბინ ლადენზე

 

11 სექტემბრის ტერაქტიდან მოყოლებული ამერიკულ სადაზვერვო უწყებებს ჰქონდათ ერთი მისია, რომელიც სხვა ყველა მისიაზე მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა - ბინ ლადენის პოვნა და განადგურება. CIA-ის თანამშრომლებისთვის 11 სექტემბრის ტერაქტი ჯერ კიდევ ღია და მტკივნეული ჭრილობა იყო. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია ზოგი ფიქრობდა, რომ ბინ ლადენი კვლავ გამოქვაბულებში იმალებოდა, ზოგის აზრით ნომერ პირველი ტერორისტი პაკისტანში, ტომების ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული, სხვები ფიქრობდნენ, რომ ბინ ლადენმა თავშესაფარი ირანში იპოვა. სხვების აზრით ბინ ლადენი უკვე მკვდარი იყო, თუმცა ნათელი იყო ერთი რამ, თითქმის 10 წლიანი ძებნის განმავლობაში ყველა ინფორმაცია, რაც ამერიკელებს ხელში ჩაუვარდათ ჩიხით დასრულდა. 

ცხადია ბინ ლადენის და სხვა ტერორისტების ძებნის სპეცოპერაცია არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, თუმცა 2009 წელს ავღანეთში CIA-ის ბაზაზე მომხდარმა ტრაგედიამ სურათი კიდევ ერთხელ შეცვალა. 2009 წლის 30 დეკემბერს, ხოსტში CIA-ის საიდუმლო Chapman-ის ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სადაზვერვო სამმართველოს 7 თანამშრომელი გარდაიცვალა. 

1947 წელს, CIA-ის დაარსებიდან ხოსტის ტრაგედიამდე, სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სულ 90 ოპერატიული თანამშრომელი იყო დაღუპული. ხოსტის ტრაგედია 1983 წელს ჰეზბოლას მიერ ბეირუთში ამერიკელი საზღვაო ქვეითების ბაზაზე განხორციელებული შეტევიდან მოყოლებული, სააგენტოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დანაკარგების დღედ იქცა. მაშინ შეტევას CIA-ის 8 თანამშრომელი ემსხვერპლა.

ამ დღეს ამერიკელი მზვერავები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათთან ოქროს წყარო მოდიოდა, რომელიც ალ-ქაიდას ლიდერების ადგილსამყოფელს გაანდობდა, თუმცა ჰუმამ ალ-ბალავის, ჯაშუშად ქცეულ იორდანელ პედიატრს სხვა რამ ჰქონდა გადაწყვეტილი. ჰუმამ ალ-ბალავი იყო ექიმი, რომელიც იორდანულმა დაზვერვამ დაარეკრუტირა და რამდენიმე თვეში პაკისტანში გადაიყვანა. ოპერაციის მიზანი ალ-ქაიდას უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეღწევა და ინფორმაციის გამოტანა იყო. მართლაც, ალ-ბალავიმ რამდენიმე თვეში მოახერხა ალ-ქაიდას ლიდერებთან დაახლოება. ალ-ბალავი ორგანიზაციის მეორე ნომერს და ბინ ლადენის მარჯვენა ხელს, აიმან ზავაჰირის დაუახლოვდა. ალ-ბალავი მალევე დაუკავშირდა ამერიკულ დაზვერვას და თავისი მომსახურება შესთავაზა, მისი ნათქვამის დასამტკიცებლად ბალავიმ ამერიკელებს ზავაჰირის სურათებიც მიაწოდა. 

კადრი ჰუმამ ალ ბალავის ვიდეო წინასასიკვდილო ვიდეომიმართვიდან

CIA-ის თანამშრომლები ბალავისთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ, პირისპირ შეხვედრის ადგილად ავღანეთში მდებარე CIA-ის საიდუმლო ბაზა შეირჩა. ამ დღეს ამერიკელი მზვერავები ალ-ბალავისგან ზავაჰირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ელოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ალ-ბალავი სამმაგი აგენტი იყო და ბაზაზე შესვლისთანავე მიმაგრებული შაჰიდის ქამარი აიფეთქა.

ხოსტის ტრაგედია CIA-ისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა.

"ხოსტის ტრაგედიდან მალევე დირექტორმა პანეტამ, ალ-ქაიდაზე მომუშავე ჯგუფს გვითხრა, რომ ამიერიდან ბინ ლადენის ძებნის შესახებ შეხვედრები ყოველ სამშაბათს გაიმართებოდა იმ შემთხვევაშიც თუ ახალი ინფორმაცია არ იქნებოდა",- იხსენებს ჯერემი ბაში, რომელიც ამ დროის სამმართველოს შტაბს ხელმძღვანელობდა. 

შეიხის სანდო კურიერი 

აბუ აჰმედ ალ-ქუვეითი

ბინ ლადენის ყველაზე სანდო კურიერის, აბუ აჰმედ ალ-ქუვეითის შესახებ პირველი ინფორმაცია CIA-იმ 2002 წელს, გუანტანამოს ციხეში დაკავებული ტერორისტებისგან მიიღო. პირველი დაკავებული, რომელმაც აბუ აჰმედზე ისაუბრა მოჰამედ კაჰტანი იყო. გეგმის მიხედვით, კაჰტანის 11 სექტემბრის ტერაქტში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მან სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა და აშშ-ში არ შეუშვეს. მოგვიანებით კაჰტანი ავღანეთში დააკავეს და გუანტანომოს ციხეში მოათავსეს. 

 Wikileaks-ის მიერ კაჰტანის დაკითხვის შესახებ გავრცელებულ აშშ-ის სახელმწიფო ქაღალდებში, ნათქვამია, რომ "დაკავებული ხშირად ახსენებს, ვინმე აბუ აჰმედ ალ-ქუვეითის. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ კაჰტანის დაკითხვა გაძლიერებული მეთოდებით მიმდინარეობდა და პროცესს თან ახლდა არადამიანური მოპყრობა და წამება. კაჰტანი ჩვენებებში ამბობდა, რომ სწორედ აბუ აჰმედისგან მიიღო კომპიუტერი 11 სექტემბრის ტერაქტის გეგმით. 

 

მოჰამად კაჰტანი

კაჰტანი ჰყვებოდა, რომ აბუ აჰმედი პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო შეიხ ხალიდ მოჰამადდთან. სწორედ შეიხ ხალიდ მოჰამადი იყო ტყუპების ტერაქტის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი. დოკუმენტში აბუ აჰმედს ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც "ალ-ქაიდას საშუალო რანგის ფასილიტატორს და კურიერს".  

კაჰტანის დაკითხვის ოქმში ნათქვამია, რომ აბუ-აჰმედი სავარაუდოდ თან ახლდა ბინ ლადენს ტორა-ბორადან სასწაულებრივი გაქცევის დროს. 

2002 წელს კაჰტანის დაკითხვის დროს ამერიკულ დაზვერვას წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო აბუ აჰმედი. გარდა ამისა მოგვიანებით სხვა დაკავებული ტერორისტებისგან ამერიკელი მზვერავები აბუ აჰმედზე წინააღმდეგობრივი ინფორმაციას იღებდნენ. ამ მიზეზით გამოძიება აბუ აჰმედის ვინაობის და ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ მრავალი წლით შეფერხდა. 

აბუ აჰმედზე განსხვავებულ ინფორმაციას იძლეოდნენ სხვა ტერორისტები მათ შორის, ბინ ლადენის გარემოცვის უახოესი წევრები. პირველი ტერორისტი, რომელიც CIA-ის შეცდომაში შეყვანას შეეცადა მავრიტანიელი ტერორისტი, მოჰამად ოდ სლაში იყო. 1990-იან წლებში სლაში აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში მოკალათებულ ჯიჰადისტურ მოძრაობებში. მიიჩნევა, რომ სწორედ სლაში იყო ერთ-ერთი ვინც, 11 სექტემბრის სამ თავდასხმელს ავღანეთში წასვლა და წვრთნა შესთავაზა.

გაძლიერებული მეთოდებით ჩატარებული დაკითხვების დროს, სლაშიმ ამერიკელ მზვერავებს უთხრა, რომ აბუ აჰმედი ტორა-ბორას ბრძოლის დროს დაიჭრა და რამდენიმე დღეში მოკვდა. აბუ აჰმედზე მცდარი ინფორმაცია გასცა შეიხ ხალედ მოჰამადდმაც, რომელიც 2003 წელს პაკისტანში რავალპენდიში დააპატიმრეს. შეიხ ხალიდ მოჰამადი ამ დროისთვის ალ-ქაიდას მესამე ნომრად მიიჩნეოდა და მისი აყვანა CIA-ისთვის ყველაზე წარმატებულ ოპერაციად იქცა. 

 

შეიხ ხალიდ მოჰამადი, ფოტო გადაღებულია 2003 წლის მარტში მოჰამადის დაკავებისას.

მოჰამადი პაკისტანიდან CIA-ის საიდუმლო ციხეში გადაიყვანეს, რომელიც პოლონეთში მდებარეობდა. აბუ აჰმედის შესახებ შეიხ ხალიდ მოჰამადს რამდენიმე თვის შემდეგ ჰკითხეს. წამების მიუხედავად, აბუ აჰმედზე საუბრისას მოჰამადმა თქვა, რომ აბუ აჰმედი მეორეხარისხოვანი და უკვე "პენსიაზე გასული" წევრი იყო. შეიხ ხალიდ მოჰამადი უკვე მეორე დაკავებული ტერორისტი იყო, რომელიც აბუ აჰმედის როლის და მნიშვნელობის შემცირებას შეეცადა. 

შეიხ ხალედ მოჰამადის მსგავსად მოიქცა მისი შემცვლელი ორგანიზაციაში, აბუ ფარაჯ ალ-ლიბი. 2005 წელს როდესაც აბუ ფარაჯი აიყვანეს, ის ამბობდა, რომ ბინ ლადენის კურიერი არა აბუ აჰმედი, არამედ ვინმე მალაუი აბდ ალ ხალიკი იყო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ასეთი პიროვნება საერთოდ არ არსებობდა. შეიხ ხალედ მოჰამადმაც და აბუ ფარაჯმაც წამების მიუხედავად არ გასცეს ნამდვილი კურიერის ვინაობა, რომელიც ამერიკელებს ბინ ლადენამდე მიიყვანდა. 

აბუ ფარაჯ ალ-ლიბი

საქმე ის არის, რომ ბინ ლადენის ყველა მიმდევარი მოჰამადივით და აბუ ფარაჯივით ერთგული არ აღმოჩნდა - 2004 წელს დაკავებულმა ჰასან ღულმა ამერიკელ მზვერავებს უთხრა, რომ აბუ აჰმედი ბინ ლადენის ყველაზე სანდო კურიერი და შეიხ ხალიდ მოჰამადთან და აბუ ფარაჯთან დაახლოებული პირი იყო. ჰასან ღული ჰყვებოდა, რომ აბუ აჰმედი 2005 წელს გაუჩინარდა. უკიდურესად წინააღმდეგობრივმა ჩვენებებმა, ამერიკელი მზვერავების ყურადღება მიიქცა და მათ ორმაგი ძალისხმევით გააგრძელეს მუშაობა აბუ აჰმედის ნამდვილი ვინაობის დადგენაზე. 

ჰასან ღული

როდესაც ამერიკელმა მზვერავებმა სხვადასხვა ჩვენებების და აბუ აჰმედზე არსებული ინფორმაციის ანალიზი და დადარება დაიწყეს, მათ ნათელი სურათი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ აბუ აჰმედი ბინ ლადენის ყველაზე სანდო კურიერისთვის საჭირო უკლებლივ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. აბუ აჰმედ ალ-ქუვეითი პაკისტანელი პუშტუნი იყო, რომელიც ქუვეითში გაიზარდა. იგი შესანიშნავად ფლობდა პუშტუს და არაბულს, რაც მას საშუალებას აძლევდა შეუფერხებლად ემოძრავა პაკისტანსა და ავღანეთს შორის. 

აბუ აჰმედის რეალური ვინაობა ამერიკელმა მზვერავებმა ჯერ კიდევ 2007 წელს დაადგინეს, თუმცა მისი ადგილსამყოფლის დადგენას კიდევ 2 წელი დასჭირდა. სწორედ 2009 წელს სატელეფონო ზარების მოსმენის მეშვეობით ამერიკელმა მზვერავებმა აბუ აჰმედს პაკისტანში მიაგნეს. აბუ აჰმედი თავდაპირველად პეშავარის ბაზრობაზე აღმოაჩინეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი საცხოვრებელი სახლი პეშავარიდან მოშორებით, აბოტაბადში მდებარეობდა. 

სამი ოჯახი, ერთი სახლი

სახლი, რომელშიც ოსამა ბინ ლადენი 2005 წლიდან იმალებოდა.

აბუ აჰმედზე თვალთვალმა CIA მის სახლში მიიყვანა. ნაგებობა სულაც არ ჰგავდა სპრატანულ გამოქვაბულს, რომელშიც ბევრის წარმოდგენით ბინ ლადენი იმალებოდა. სამსართულიანი სახლი 2005 წელს აშენდა და მისი ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა. სახლი აბოტაბადისგან 40 კილომეტრის მოშორებით, უმეტესად ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნაგებობა დასახლების საერთო არქიტექტურისგან ძალიან გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ სახლის მახლობლად მდებარეობს პაკისტანის მთავარი სამხედრო აკადემია. 

პირველი, რამაც მზვერავების ყურადღება მიიქცია სახლის უჩვეულო არქიტექტურა იყო - სამსართულიანი ნაგებობა გარშემორტყმული თითქმის ორმეტრიანი ბეტონის ღობით და მავთულხლართებით. ყურადღებას იქცევდა ისიც, რომ სახლში არ იყო შეყვანილი ინტერნეტი და სატელეფონო ხაზი. სახლის მაცხოვრებლებს გარე სამყაროსთან უკიდურესად შეზღუდული კომუნიკაცია ჰქონდათ. როგორ წესი სახლიდან მხოლოდ ორი ადამიანი, აბუ აჰმედი და მისი ძმა გადიოდნენ. ოჯახის დანარჩენი წევრები კი სახლის ტერიტორიას საერთოდ არ ტოვებდნენ, მეტიც ოჯახი ნაგავს თავისავე ეზოში წვავდა.

დაკვირვების შედეგად ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ აბუ აჰმედისა და მისი ძმის ოჯახების გარდა, სახლის მესამე სართულზე კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მესამე სართულის აგებულებამ - აივნის სივრცე ამოვსებული იყო კედლებით, რომლის სიმაღლეს ადამიანისას აღემატებოდა, სივრცე კი მცენარეებით იყო სავსე. მარტივად, რომ ვთქვათ სახლი სახლზე მეტად ციხე-სიმაგრეს ჰგავდა. 

"ხმამაღლა არავის გაუჟღერებია, რომ ამ სახლში შესაძლოა ბინ ლადენი ყოფილიყო, თუმცა ყველა ამას ფიქრობდა",- იხსენებს ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრას CIA-ის დირექტორის მოადგილე, მაიკ მორელი.

ეჭვების მიუხედავად, ცხადი იყო, რომ ეს იყო საუკეთესო ინფორმაცია, რაც სამმართველოს ტორა-ბორას შემდეგ ბინ ლადენზე ჰქონია. აბუ აჰმედის სახლის შესახებ გამართულ პირველივე შეხვედრაზე CIA-ის დირექტორმა, ლეონ პანეტამ ოპერაციის უმკაცრესად გასაიდუმლოების გადაწყვეტილება მიიღო. ამ სახლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მხოლოდ პრეზიდენტის ჯგუფს თეთრ სახლში. ამის შესახებ საწყის ეტაპზე არაფერი იცოდა, FBI-იმ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავდაცვის უწყებამ. 

დაკვირვების შედეგად, მზვერავებმა სახლში კიდევ ერთი კაცი აღმოაჩინეს, რომელიც მათ დაკვირვებით აბუ აჰმედზე და მის ძმაზე ასაკოვანი უნდა ყოფილიყო. "მოხუცებული ჯენტლმენი", პერიოდულად გამოდიოდა მესამე აივნზე, ათამდე წრეს არტყამდა და სახლში ბრუნდებოდა. "ამ ჯენტლმენის" კონტაქტი გარე სამყაროსთან ამით იწურებოდა. ნაგებობის სპეციფიკის გამო ვერ ხერხდებოდა ამ ადამიანისთვის ხარისხიანი სატელიტური ფოტოს გადაღება, რაც მზვერავებს საშუალებას მისცემდა მისი იდენტიფიცირება მოეხდინათ. 

ბინ ლადენის სახლის აგებულების სქემა

მიუხედავად ამისა არსებული ინფორმაციის ანალიზით და დაკვირვებით ცხადი იყო, რომ ალბათობა იმისა, რომ სახლის მესამე სართულზე ოსამა ბინ ლადენი ცხოვრობდა საკმაოდ მაღალი იყო. სწორედ ეს გახდა მზვერავთა ჯგუფის სამუშაო ვერსიაც. აბატობადის სახლის შესახებ მალევე საქმის კურსში ჩააყენეს პრეზიდენტი ობამაც. დეკემბერში, საპრეზიდენტო შვებულებაში გასვლამდე ობამამ გეგმა მოიწონა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება ითხოვა. CIA-იმ ააგო აბოტაბადში მდებარე სახლის იდენტური მაკეტი, რომელიც ყველა შეხვედრაზე დაჰქონდათ. 

უკვე იანვარში მზვერავებმა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სამხედროებს გაუზიარეს.

"წლების განმავლობაში ბინ ლადენზე ბევრი ინფორმაცია გვქონდა. ცხადია, ახალი ინფორმაცია მაინტერესებდა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ თავიდან ძალიან სკეპკტიკურად ვიყავი განწყობილი",- იხსენებს უილიამ მაკრეივენი, რომელიც მოგვიანებით ბინ ლადენის აყვანის ოპერაციას უხელმძღვანელებს.

ოპერაციის საწყის ეტაპზევე ბარაკ ობამამ მზვერავებს აუკრძალა სახლის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სხვა ქვეყნის სცესამსახურებისთვის მიწოდება, მათ შორის პაკისტანისთვისაც. 

წუთები დაცემამდე 

ბინ ლადენის სახლის სატელიტური ფოტო

ნათელი იყო რომ იმისგან დამოუკიდებლად იქნებოდა თუ არა ბინ ლადენი ამ სახლში ამა თუ იმ ფორმით ოპერაცია მაინც უნდა შესრულებულიყო. გადასაწყვეტი იყო რა ფორმით, როდის და როგორ ჩატარდებოდა ეს სპეცოპერაცია. მომდევნო კვირები სწორედ ოპერაციის დაგეგმვას და შესაძლო შედეგების ანალიზს მიეძღვნა. ამასთანავე, მზვერავები აგრძელებდნენ მუშაობას მესამე კაცის იდენტიფიცირებაზე. ამ მიზნით მზვერავებმა ბევრი სხვადასხვა ხერხი სცადეს, მათ შორის ინოვაციურიც.

ამერიკელებმა ქალაქში პოლიომიელიტის ვაქცინაციის ყალბი კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებში დარეკრუტებული პაკისტანელი ექიმი სახლში მიაგზავნეს. მოგვიანებით, პაკისტანელ ექიმს 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. CIA-ის მცდელობებმა დანამდვილებით დაედგინა მესამე კაცის ვინაობა შედეგი ვერ გამოიღო. 

დამატებითი წნეხს ქმნიდა სხვა ფაქტორებიც - ამ ოპერაციის შესახებ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რაც ზრდიდა რეიდის კომპრომეტირების შესაძლებლობას. ამასთანავე გასათვალისწინებელი იყო კლიმატის და მთვარის ციკლის ცვლილებაც. დათბობასთან ერთად უარესდებოდა თერმული სენსორული სიგნალი, რაც ვერტმფრენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

გასათვალისწინებელი იყო, მთვარის ციკლიც, რადგანაც სავსემთვარეობის დღეებში ღამის სინათლე გაცილებით უფრო მკვეთრია, რაც ვერტმფრენების აღმოჩენის შანსს ზრდიდა. არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვებიც უშუალოდ ოპერაციის მიმართაც - რა უნდა ექნათ სამხედროებს თუ ეს მესამე კაცი მართლაც ბინ ლადენი აღმოჩნდებოდა და დანებდებოდა. სად უნდა წაეყვანათ ბინ ლადენი თუ მას ცოცხლად აიყვანდნენ და ა.შ.

გარდა ამისა, არსებობდა გეოპოლიტიკური რისკცებიც, ოპერაციის ჩატარება პაკისტანის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას ნიშნავდა.

"ჩვენ უნდა დაგვერღვია მოკავშირის სუვერენიტეტი. მათი West Point-დან 10 კილომეტრის და მათი ბირთვული იარაღის საწყობებიდან 15 კილომეტრის მოშორებით  უნდა ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბინ ლადენის აყვანას ეხებოდა ეს მაინც ძალიან რთული და სარისკო მისია იყო",- იხსენებს თეთრი სახლის აპარატის უფროსი, ბილ დეილი. 

ამის შემდეგ უნდა დაგეგმილიყო უშუალოდ ოპერაცია. მაგიდაზე იდო რამდენიმე ვარიანტი - მათ შორის პირველი სარაკეტო დრონის შეტევა. შეტევის ამგვარ გეგმას ობამას ადმინისტრაციაში რამდენიმე მომხრე ჰყავდა, თუმცა სხვადასხვა რისკების გამო დრონით შეტევა მალევე გამოირიცხა. მათ შორის, მთავარი მიზეზი რატომაც დრონის შეტევაზე უარი თქვეს ის იყო, რომ სწორი დამიზნების და მშვიდობიანი მსხვერპლის თავიდან აცილების შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნებოდა ბინ ლადენის იდენტიფიცირება. გარდა ამისა არსებობდა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მაღალი რისკიც. 

რაღაც ეტაპზე განიხილებოდა ოპერაციის პაკისტანურ სპეცსამსახურებთან ერთად ჩატარებაც, თუმცა ისევ და ისევ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ამგვარი ოპერაცია გამოირიცხა. საბოლოოდ გადაწყდა ღამის რეიდის ჩატარება, რომელსაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების მეექვსე, სპეციალური დანაყოფი ჩაატარებდა. ოპერაცია შემდეგნაირად დაიგეგმა - ჯალალაბადიდან 24 სამხედრო ქვეითი 2 Stealth-ის ტიპის, Black Hawk ვერტმფრენით ჩაფრინდებოდა აბოტაბადში. ერთი ვერტმფრენი დაეშვებოდა უშუალოდ სახლთან და 12 სპეცრაზმელი ააფეთქებდა ღობეს და სახლს პირველი სართულიდან შეუტევდა. რაც შეეხება მეორე ვერტმფრენს იგი სახლს ზევით, ჰაერში დაყოვნდებოდა, რა დროსაც 12 ქვეითი თოკების მეშვეობით სახლში ზედა სართულიდან შეაღწევდა. 

ოპერაციის მომზადების ეტაპზე, CIA-იმ აბოტაბადის სახლის ზუსტი ასლი აშენა. ოპერაციის ხელმძღვანელის უილიამ მაკრეივენის თქმით, საზღვაო ქვეითებმა ოპერაციის რეპეტიცია 100-ზე მეტჯერ გაიარეს. ოპერაცია დაიგეგმა უმცირეს დეტალებამდე, რათა ნებისმიერი უსიამოვნო სიურპრიზის რისკი მინიმუმამდე დასულიყო. მარტივად, რომ ვთქვათ ოპერაცია უკვე აპრილის შუა რიცხვებში იდეალურად იყო მომზადებული, თუმცა ჯერ კიდევ მისაღები იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება - ჩატარებულიყო თუ არა ოპერაცია და ეს გადაწყვეტილება ბარაკ ობამას უნდა მიეღო. 

ბინ ლადენის სახლის მაკეტი

ოპერაციის შესახებ დასკვნითი შეხვედრა 27 აპრილს, თეთრ სახლში ჩაინიშნა. შეხვედრის დაწყებისთანავე ობამამ თქვა, რომ გადაწყვეტილებას არა შეხვედრაზე, არამედ მისი დასრულების შემდეგ მიიღებდა. მთავარი საკითხი, რაც შეხვედრის მონაწილეებს უნდა გადაეწყვიტათ ის იყო, თუ რა ალბათობა არსებობდა იმისა, რომ სახლში არა ვინმე სხვა, არამედ ოსამა ბინ ლადენი იმალებოდა. აზრები მალევე გაიყო, თეთრი სახლის ანალიტიკოსების შეფასებით, იმის შანსი, რომ სახლში ნამდვილად ბინ ლადენი იმყოფებოდა 70-დან 80%-მდე მერყეობდა. იყო ხალხიც, რომლის აზრით ამის შანსი 60% ან სულაც 40% იყო.

შეხვედრაზე აზრები ორად გაიყო, რამაც დებატები წარმოშვა.

"პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატების შანსი 50/50-ზე იყო და სწორედ აქედან უნდა ამოვსულიყავით",- იხსენებს ბარაკ ობამას სპიჩრაითერი, ბენ როუდსი.

მაგიდასთან ისხდნენ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობების პოლიტიკური და სამხედრო პირები: ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თავდაცვის მდივანი ბობ გეიტსი, ადმირალი მალენი, გენერალი კარტრაითი, CIA-ის დირექტორი ლეონ პანეტა, მრეჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მაიკ მორელი და პრეზიდენტის მრჩეველი კონტრტერორიზმის საკითხებში ჯონ ბრენანი. თითოეულმა მათგანმა ოპერაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა. 

პირველად საუბარი თავდაცვის მდივანმა, ბობ გეიტსმა დაიწყო. გეიტსი ოპერაციის წინააღმდეგი იყო, არგუმენტირებისას მან Desert 1-ის ჩავარდნილ სპეცოპერაციასთან გაავლო პარალელი. Desert 1 CIA-ის საიდუმლო სპეცოპერაცია იყო, რომლის ავტორიზაცია პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა 1980 წელს მოახდინა. სპეცოპერაციის მიზანი იყო ტყვეობიდან გამოეხსნათ 52 ამერიკელი, რომელიც ირანის რევოლუციურმა რეჟიმმა დაატყვევა. უამინდობის გამო CIA-ის ვერტმფრენი შენობას შეეჯახა და ადგილზევე აფეთქდა. ამან დამღუპველად იმოქმედა კარტერის გეგმებზე მეორედ გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი.

"გეიტსმა თქვა, რომ ეს აშკარად არ იქნება Slam Dunk-ი",- იხსენებს ბენ როუდსი. 

ჰილარი კლინტონმა საკუთარი არგუმენტის წარმოდგენა რეიდის ჩავარდნის შემთხვევაში რისკების გამოკვეთით დაიწყო და დიდხანს ისაუბრა იმაზე, თუ რასთან მოუწევდა გამკლავება ამერიკას ამ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, საუბრის ბოლოს ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ეს ბინ ლადენის აყვანის საუკეთესო შანსი იყო. საბოლოოდ კლინტონმა რეიდს მხარი დაუჭირა.

მერყევი პოზიცია ჰქონდა აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში საგარეო პოლიტიკაზე მუშაობდა და კარგად იცნობდა რეგიონის სპეციფიკას დიდ ხანს საუბრობდა თუ რა რისკებს ატარებდა ამგვარი ოპერაციის ჩატარება პაკისტანში. ბაიდენი საუბრობდა თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა შეტევას რეგიონის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის საელჩოებისთვის და მისი თანამშრომლებისთვის. მიუხედავად, ამისა შეხვედრის მონაწილეების თქმით, ბაიდენი იმდენად ოპერაციის წინააღმდეგი არ ყოფილა, რამდენადაც შესაძლო რისკების გამოკვეთას ცდილობდა. 

"ვფიქრობ, ბაიდენს აწუხებდა, რომ ოპერაციის ჩავარდნა ობამას მეორე ვადის პერსპექტივას დაასრულებდა",- ამბობს ჯონ ბრენანი. ამგვარად, ობამამ ერთიანი პოზიციის ნაცვლად ორად გაყოფილი სათათბირო ოთახი მიიღო. ობამას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ჰქონდა. შეხვედრის შემდეგ, 29 აპრილს ობამა ალაბამაში ტორნადოთი დაზარალებულების სანახავად გაემგზავრა. 

ბარაკ ობამა ალაბამაში ტორნადოსგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება, 2011 წლის 29 აპრილი

ამავე დღეს თეთრ სახლში დაბრუნებულმა ობამამ რეიდს მწვანე შუქი აუნთო, ოპერაცია პირველი მაისის ღამით ჩაინიშნა. ოპერაციის კოდური სახელწოდება "ნეპტუნის მახვილი" იყო. 

განკითხვის ღამე

ბარაკ ობამა ადმინისტრაციის წევრებთან ერთად 2011 წლის 29 აპრილი

ოპერაციის ღამემდე რამდენიმე საათით ადრე თეთრ სახლში კორესპონდენტების ყოველწლიური შეხვედრა იმართებოდა, რომელზეც ბარაკ ობამა სიტყვით უნდა გამოსულიყო. დარბაზში იმყოფებოდა იმ დროს ჯერ კიდევ ბიზნესმენი დონალდ ტრამპი.

ამ დროს არაფერი იყო ცნობილი ტრამპის საპრეზიდენეტო გეგმების შესახებ, თუმცა ის უკვე ეწეოდა პოლიტიკურ კამპანიას ბარაკ ობამას წინააღმდეგ. ტრამპი აწარმოებდა მედია კამპანიას ობამას დაბადების მოწმობის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა. 

სწორედ ამიტომ, ბარაკ ობამას სპიჩრაიტერებმა დონალდ ტრამპზე რამდენიმე ხუმრობა მოამზადეს. "მას შემდეგ რაც გამოსვლის სიტყვა დავარედაქტირეთ პრეზიდენტმა დამირეკა და მთხოვა, რომ ჩამემატებინა ტექსტი - ღმერთო დაიფარე ჩვენი ჯარი",- იხსენებს საღამოს ობამას ერთ-ერთი სპიჩრაითერი, ჯონ ფავრო. 

ოპერაციის დაწყების დროის მოახლოებასთან ერთად თეთრ სახლში ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით შეიკრიბა. კონფიდენციალობიდან გამომდინარე პოლიტიკოსები თეთრ სახლში სხვადასხვა დროს მივიდნენ, რათა პრესას ეჭვი არ გასჩენოდა. კვლავაც უცნობი იყო თუ რა ელოდათ ამერიკელ სამხედროებს აბოტაბადში, მზვერავებმა არ იცოდნენ ჰქონდა თუ არა სახლს საიდუმლო გვირაბი, რა შეიარაღება იყო სახლში, იყო თუ არა შენობა დანაღმული და ეკეთა თუ არა ოსამა ბინ ლადენის შაჰიდის ქამარი. არავინ იცოდა წინასწარ შეძლებდნენ თუ არა Black Hawk-ის ვერტმფრენები პაკისტანური რადარებისთვის შეუმჩნევლად შესულიყვნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში. 

Black Hawk-ის ვერტმფერენებს თან ახლდა უსიამოვნო განცდა. სწორედ ეს ვერტმფრენები მონაწილეობდნენ 1993 სომალაში ადგილობრივი ბანდის ლიდერის აყვანის სპეცოპერაციაში. ერთ-ერთი ვერტმფრენი ჭურვის მოხვედრის შემდეგ ჩამოვარდა, რამაც მთელი ოპერაცია ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. 

ვერტფმრენი Black Hawk

 

ადმინისტრაციის შეკრებისთანავე გასაგები გახდა, რომ ისინი აქ დიდი ხნით იქნებოდნენ და ვიღაცამ პიცის გამოძახება ითხოვა, თუმცა ჰილარი კლინტონის თხოვნით პიცა უფრო ჯანსაღი საკვებით შეცვალეს. ვერტმფრენები ჯალალაბადიდან აფრინდნენ. რეიდის დაწყების მოლოდინში თეთრის სახლის სათათბირო ოთახში მყოფებმა 11 სექტემბრის თავიანთი ისტორიების გახსენება დაიწყეს.

"რა უნდა გააკეთო სხვა, როცა ელოდები, რომ წუთი-წუთზე ამერიკელი სამხედროები ბინ ლადენს აიყვანენ",- იხსენებს ბენ როუდსი. 

ვერტმფრენები აბოტაბადში ღამის 3:30 წუთზე დაეშვნენ, ოპერაცია თავიდან წარუმატებლად დაიწყო. ზედაპირის გადახურების გამო ერთ-ერთი ვერტმფრენი რბილი დაშვების ნაცვლად სახლის ღობეს შეეჯახა. ამ დროისთვის მთელი ადმინისტრაცია თეთრი სახლის ერთ პატარა საკომუნიკაციო ოთახში ცოცხალ რეჟიმში უყურებდა სპეცოპერაციას. ვერტმფრენის ჩამოგდების მიუხედავად, უილიამ მაკრეივენმა რეიდის ცვლილებების გარეშე გაგრძელება ბრძანა. 

ამერიკელი სამხედროები სახლში შეიჭრნენ. პირველ სართულზე აბუ აჰმედისა და მისი ძმისგან შეიარაღებული წინააღმდეგობას მათი ლიკვიდაცია მოჰყვა. რამდენიმე წუთში საზღვაო ქვეითები უკვე მესამე სართულზე ავიდნენ, სწორედ აქ უნდა ამოეცნოთ მათ ოსამა ბინ ლადენი. მის საძინებელში ამერიკელი სამხედროების გამოჩენის შემდეგ ბინ ლადენმა ფარად თავისი ერთ-ერთი ცოლი აიფარა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა ბინ ლადენი შეიარაღებული არ ყოფილა. ქვეითებმა ბინ ლადენის მიმართულებით ორჯერ ისროლეს, ერთი ტყვია ბინ ლადენს მკერდში, ხოლო მეორე სახეში მოხვდა.

"რადიოში გავიგონე ღმერთისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის - Geronimo, Geronimo, Geronimo",- სწორედ ამ უნივერსალურ კოდურ სახელწოდებას იყენებენ ამერიკელი სამხედროები ამა თუ იმ ოპერაციის მთავარი სამიზნის აღსანიშნავად. Geronimo ამ შემთხვევაში ბინ ლადენის განადგურებას ნიშნავდა. ოსამა ბინ ლადენი ადგილზე მოკვდა.

11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა დადო პირობა, რომ აუცილებლად იპოვიდა და გაანადგურებდა ყველა ტერორისტს, რომელიც შეტევის უკან იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის შესრულებას 10 წელი და ორი ადმინისტრაციის გამოცვლა დაჭირდა აშშ-მა დადებული პირობა შეასრულა. 

ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა ადგილზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. სახლში რამდენიმე კომპიუტერი, კიდევ უფრო მეტი მეხსიერების მყარი დისკი, პირადი წერილები და დოკუმენტები ინახებოდა. ინფორმაციის შეგროვების პარალელურად იზრდებოდა პაკისტანელების მიერ მომხდარის აღმოჩენის რისკიც. რეიდის დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ, ოპერაციის ხელმძღვანელმა ბილ მაკრეივენმა რეიდის დასრულების ბრძანება გასცა. 

ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი, ჰილარი კლინტონი, ბობ გეიტსი, ჯონ ბრენანი, ენტონი ბლინკენი და ადმინისტრაციის სხვა წევრები თვალს ადევნებენ ბინ ლადენის აყვანის სპეცოპერაციას

საზღვაო ქვეითები ვერტფმრენში მოთავსდნენ. ფასეული სადაზვერვო ინფორმაციის გარდა მათ თან მოჰქონდათ ოსამა ბინ ლადენის ცხედარი. თეთრ სახლში ჯერ კიდევ დანამდვილებით არ იცოდნენ იყო თუ არა მოკლული ბინ ლადენი. ცხედარს დნმ-ს ანალიზი უნდა გაევლო. ბინ ლადენის ცხედარს დნმ-ის ანალიზი ჯალალაბადში ჩაფრენისთანავე ჩაუტერეს. 

CIA-ის ტექნოლოგიურ-სამეცნიერო გუნდმა ბინ ლადენის ცხედარს სახის ამოცნობის პროცედურა ჩაუტარა. აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება ყურის ფრაგმენტითაც შეიძლებოდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცხედარი ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნოდა. 

ამბის გასაჯაროებამდე თეთრმა სახლმა პარტნიორები გააფრთხილა.

პირველი ზარი პაკისტანში განხორციელდა. უნდა ითქვას, რომ პაკისტანის დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალმა კაიანიმ დაასწრო ამერიკელებს და მათ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მიულოცა. 

მოგვიანებით, საუბარი შედგა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ბინ ნაეფთან, რომელმაც განაცხადა, რომ საუდის არაბეთი არ მოითხოვდა ბინ ლადენის ცხედარს. ამის შემდეგ, ბინ ლადენის ცხედარი არაბეთის ზღვაში მდგომ ერთ-ერთ გემზე მიიტანეს, სადაც დაკრძალვის რიტუალი ისლამური წესების დაცვით შესრულდა და თეთრ ნაჭერში გახვეული ოსამა ბინ ლადენი ზღვაში დაასაფლავეს. 

ამავე საღამოს, მოგვიანებით, ბარაკ ობამამ ამერიკელებს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ამცნო. მალევე თეთრ სახლთან ნამდვილი სახალხო ზეიმი დაიწყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ბინ ლადენის პოვნა და სამართლის აღდგენა ამერიკელებისთვის ღირსების საკითხი იყო. 

პერსპექტივები ისლამისტებისთვის

 

 

ბინ ლადენის განადგურებიდან 10 წლის შემდეგ პირველადი დიაგნოზი მარტივია - ალ ქაიდა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე 10 წლის წლინ. 2014 წლის შემდეგ ტერორიზმით გამოწვეული სიკვდილიანობა 59%-ითაა შემცირებული.

ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების უმეტესობა ლოკალურია - თალიბანი ძირითადად ავღანეთშია მობილიზებული, ბოკო ჰარამი ნიგერიაში, ალ შაბაბი სომალიში. ეს წინა ათწლეულთან შედარებით რადიკალური ცვლილებაა. ბინ ლადენის დიდების დღეებისგან განსხვავებით, როდესაც ტერორისტები შორეულ მტერზე [აშშ-ზე] იყვნენ ფოკუსირებულები, დღეს ისინი ძირითადად ადგილობრივ ხელისუფლებებს ებრძვიან. 

ალ-ქაიდა დეზინტეგრაციას განიცდის, ორგანიზაცია მცირე ფრაქციებით მთელ მსოფლიოსაა მოდებული, თუმცა ცენტრალური მმართველობის სისტემისა და მოწესრიგებული იერარქიული სტრუქტურის გარეშე. უკეთ გამოიყურება ისლამური სახელმწიფო, უკეთესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ისლამური სახელმწიფოც ამ დროისთვის გლობალური მიზნებისთვის აღარ იბრძვის. ორგანიზაცია ძირითადად არასტაბილური, მოშლილი სახელმწიფოების ძებნაშია, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებს ოპერირებას.

ისლამისტური მოძრაობების ამგვარი ლოკალური სახე ამცირებს გლობალური ჯიჰადის შანსებს, ამ ფონზე მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს სულ უფრო ნაკლები თანაგრძნობა აქვთ, ტერორისტების მიზნების მიმართ. პოლიტიკური ისლამი, რომელიც 1970-იან წლებში წარმოიშვა უმთავრესად დაკავშირებული იყო ადგილობრივი რეჟიმების უმძიმეს ჩავარდნებთან. ისლამისტებმა ისარგებლეს ადგილობრივი მონარქებისა და დიქტატორების ჩავარდნით - ხალხისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა. 

ადგილობრივი ტირანების და დიქტატორების მიერ შემოთავაზებული ვესტერნული მოდერნიზაციის სანაცვლოდ ისლამისტებმა საზოგადოებას პოლიტიკური ისლამი შესთავაზეს. მოგვიანებით, აიმან ზავაჰირის და ოსამა ბინ ლადენის მსგავსმა ადამიანებმა პოლიტიკური ისლამი გასამხედროებულ მოძრაობაში გადაზარდეს და ტერორი ჭეშმარიტად ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელ წინაპირობად წარმოადგინეს. 

რელიგიის კვლევის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ ესეში, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორი ჰაშემ ნადერი ამბობს, რომ ისლამისტური მოძრაობები ყოველთვის ჯერ კიდევ გამოუცდელ ოპოზიციურ მოძრაობებს წარმოადგედნენ. ისლამისტური მოძრაობები საზოგადოებას მუსლიმურ სამყაროში არსებული რეალობის მისტიკურ ალტერნატივას სთავაზობდნენ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება იმ ისლამისტური მოძრაობების რიცხვი, რომლებიც ლეგალური პოლიტიკაში ჩაერთვნენ. 

მათი რიცხვი მზარდია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ირანი, თუნისი, ეგვიპტე, სუდანი, ღაზას სექტორი და იორდანია. აღმოჩნდა, რომ ლეგალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვამ, პოლიტიკური ისლამის პრესტიჟი მნიშვნელოვნად გააფერმკთალა. 

ამ დროისთვის მილიონობით მუსლიმი თვალს ადევნებს პოლიტიკურ ისლამს მოქმედებაში და როგორც წესი ეს მათ ეს არ მოწონთ. ისლამური სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ აღმოჩენილმა სირიელებმა დარჩენას პირველივე შესაძლებლობისთანავე გაქცევა ამჯობინეს. ეგვიპტელებმა გააპროტესტეს მუსლიმური ძმობის მმართველობა. ერაყელმა შიიტებმა დაინახეს როგორ გადაიქცა ისლამისტური მოძრაობები კორუმპირებულ პარტიებად, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან სხვა მოთამაშეებისგან. 

მსოფლიოს ერთადერთ ისლამურ თეოკრატიაში, ირანში პერიოდულად დიდი საპროტესტო გამოსვლები იმართება, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ქვეყნის ლიდერებით. პოლიტიკური ისლამის ჟანგბადის მთავარი წყარო - არსებული რეჟიმების უკმაყოფილება და რელიგიური ლიდერების მიერ შემოთავაზებული მისტიკური ალტერნატივა იყო, ეს კი მიმზიდველობას ყოველდღიურად კარგავს. 

ის რაც ამ წამს ლოკალური პრობლემებს წარმოადგენს არც სცდება თავის არეალს, ტერორისტები მსოფლიოს გარშემო სულ უფრო ნაკლებად არიან ამ საქმიანობაში რაიმე გლობალური მიზეზების გამო. ბოლო წლებში საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტებიც ამას მოწმობს. საფრანგეთში ტერაქტები მოაწყვეს არა რომელიმე დიდი ტერორისტული ქსელის წევრებმა, არამედ თვითრადიკალიზებულმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ამგვარი გადაწყვეტილება სხვადსახვა მიზეზის გამო მიიღეს. 

პოლიტიკური ისლამის, ისლამური ტერორიზმის და მუსლიმურ ქვეყნებში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით პროგნოზები კომპლექსური და განსხვავებულია. არაბული გაზაფხულიდან 10 წლის შემდეგ ფაქტია, რომ პოპულარუმა სახალხო გამოსვლებმა, დემოკრატიისა და ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით  ვერც გლობალურ და ვერც რეგიონულ წარმატებას მიაღწია. არაბულ გაზაფხული არაბულ ზამთარში გადაიზარდა, მაგრამ ეს ამავდროულად აჩვენებს, რომ მილიონობით მუსლიმს გაცილებით უფრო მეტად სურს თავისუფლება და დემოკრატია, ვიდრე სახალიფო. 

 

მსგავსი სიახლეები