ყაზახეთმა "თალიბანი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
ყაზახეთის ხელისუფლებამ "თალიბანი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 3 ივნისს გამოქვეყნდა.
"ყაზახეთმა "თალიბანის" რეჟიმი ტერორისტების სიიდან ამოიღო, რათა თანამედროვე ავღანეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და გავიაზროთ, რომ ეს რეჟიმი გრძელვადიანი ფაქტორია." - ციტირებს ყაზახეთის ლიდერის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის სიტყვებს პრესსამსახური.
ტოკაევმა ეს განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა ავღანეთის აქტიური ჩართვა რეგიონთაშორის კავშირებში.
"პრეზიდენტმა სახელმწიფოებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ყაზახეთის ინიციატივას ალმათიში ცენტრალური აზიისა და ავღანეთის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, გაეროს რეგიონული ცენტრის შექმნის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.
27 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადეს, რომ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანი" შეიძლება ამოიღონ ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან.
ზამირ ქაბულოვმა, რომელიც პუტინის სპეციალური წარმომადგენელია ავღანეთში, მანამდე განაცხადა, რომ "თალიბების" ამოღება ტერორისტების სიიდან მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ეს გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე მოხდება.
ამისთვის კი, მისი თქმით, თალიბებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი "ცივილიზებულად" იქცევიან.